ჯუღელი-ძაკარდოს დუეტი სტადიონზე - კვარას კონტრაქტი გახანგრძლივდება
სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩს „დიეგო არმანდო მარადონას“ სტადიონის ტრიბუნიდან თვალყურს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კრისტიან ძაკარდოსთან ერთად ადევნებდა, რაც იტალიელმა ჟურნალისტებმა ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების წინაპირობად აღიქვეს.
ძაკარდო არის ის ადამიანი, რომელმაც თავდაპირველად ნეაპოლელებს კვარაცხელიას „დინამო ბათუმიდან“ ჩამოყვანა ურჩია და როდესაც საქმეში ძველი შუამავალი ერთვება, მაშინ უკვე ცხადი ხდება, რომ თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ხვიჩამ კი ისეთი შოუ დადგა, რომ ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად ფასეული ფიგურაა პარტენოპეისთვის და რამდენად იმსახურებს, ახალი, ხელსაყრელი ფინანსური პირობების მქონე კონტრაქტის გაფორმებას.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, თუმცა მას შემდეგ რაც „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა, მან კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს პირდაპირ განუცხადა, რომ ახალი გუნდის აშენებას ხვიჩას გარშემო აპირებს და არც შემცდარა, რადგან სადებიუტო მატჩი მის გუნდს სწორედ კვარამ მოაგებინა.