კონტე: კვარათი ბედნიერი ვარ, თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია
იტალიის სერია A-ს 2024-25 წლების სეზონის მეორე ტურში „ნაპოლიმ’’ „დიეგო მარადონაზე’’ „ბოლონიას’’ 3:0 მოუგო. „პარტენოპეის’’ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, ქართველმა შემტევმა პირველი გოლისას საოცარი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლი კი თავად გაიტანა. მესამე გოლი სიმეონემ შეაგდო და კვარა ამ გოლის შექმნაშიც მონაწილეობდა.
მატჩის შემდეგ „ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კვარაზე ისაუბრა: „კვარაცხელიათი ბედნიერი ვარ, რადგან ვნახე ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ძლიერია ერთი-ერთზე, ფეხებზე მყარად დგას, თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთ თამაშს იმსახურებს იმის გამო, თუ როგორ ვარჯიშობს, როგორ ემზადება. შრომა შედეგს იძლევა''.
ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ცნობისთვის, კვარაცხელიას გაშვებაზე უარი „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თქვა. იტალიელი სპეციალისტი „კვარას“ საკუთარი პროექტის ლიდერად მოიაზრებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და მალე მის აგენტს შეხვდება.