კვარა: მინდორზე ნახეთ, შვილის დაბადებამ რა დიდი ენერგია მომცა
იტალიის სერია A-ს 2024-25 წლების სეზონის მეორე ტურში „ნაპოლიმ’’ „დიეგო მარადონაზე’’ „ბოლონიას’’ 3:0 მოუგო. „პარტენოპეის’’ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, ქართველმა შემტევმა პირველი გოლისას საოცარი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლი კი თავად გაიტანა. მესამე გოლი სიმეონემ შეაგდო და კვარა ამ გოლის შექმნაშიც მონაწილეობდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა: „თქვენ ნახეთ მინდორზე, შვილის დაბადებამ რამდენად დიდი ენერგია მომცა. ამ საღამოთი ბედნიერი ვარ. გამარჯვებაში ჩემი წვლილის შეტანის დიდი სურვილი მქონდა. ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ის ფეხბურთელი ვარ, რომელსაც სიახლეების მიღების, სწავლის დიდი სურვილი აქვს, რაც პროგრესში ხელს შემიწყობს. ამის გარანტია კონტესთან მუშაობა ნამდვილად არის. იმედი მაქვს, მთელი სეზონი ერთად მუშაობით დიდად ვისიამოვნებთ''.
ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ცნობისთვის, კვარაცხელიას გაშვებაზე უარი „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თქვა. იტალიელი სპეციალისტი „კვარას“ საკუთარი პროექტის ლიდერად მოიაზრებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და მალე მის აგენტს შეხვდება.