კომპანის წარმატებული დებიუტი და მიულერის რეკორდი
ვენსან კომპანიმ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანიის ბუნდესლიგის პირველივე ტურში მოიპოვა სადებიუტო გამარჯვება. „ფოლსკვაგენ არენაზე“ „’ვოლფსბურგთან“ (2:3) გამართულ შეხვედრაში რეკორდმაისტერი მარცხებოდა, მაგრამ ძალების მობილიზება მოახდინა და მძიმე ბრძოლაში საჭირო სამი ქულა აიღო.
მე-19 წუთზე სტუმრები ჯამალ მუსიალამ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები გამოცოცხლდნენ და 55-ე წუთისთვის ხორვატი ლოვრო მაიერის დუბლით მეტოქეს უკვე 2:1-ს ამარცხებდნენ. ზუსტად ათ წუთში კამინსკის ავტოგოლით წონასწორობა აღსდგა, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენამდე რვა წუთით ადრე მიუნხენელებს გამარჯვება სერჟ გნაბრის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა.
65-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა ტომას მიულერი, რომელმაც „ბაიერნის“ მაისურით 474-ე მატჩში მოირგო და ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენ ზეპ მაიერს გაუთანაბრდა. 34 წლის მიულერი რეკორდმაისტერში 2007 წლიდან თამაშობს და 12-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.