გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

ამას მე არ ვწყვეტ, მაგრამ ეროვნულ ნაკრებზე ვოცნებობ - ინტერვიუ გიორგი გულიაშვილთან

„სარაევოს’’ ქართველმა შემტევმა გიორგი გულიაშვილმა ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ბოსნიის ჩემპიონატის სამ მატჩში 4 გოლი შეაგდო. ასევე, კონფერენს ლიგაზე „აქტობეს'' ულამაზესი გოლი გაუტანა.

2023 წლის ზამთარში „საბურთალოდან’’ „სარაევოში’’ გადავიდა, წარუმატებელი 6 თვის შემდეგ კარიერა ასევე ბოსნიურ „ველეჟს'' დაუკავშირა (იჯარა), სადაც 24 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, გასული სეზონიდან მოყოლებული სტაბილურად შედეგიანია.

„თავიდან „სარაევოში’’ გამიჭირდა, სულ მტკიცება გიწევდა, მწვრთნელი შანსს მოგცემდა და თუ რაღაც არ გამოგივიდოდა, შემდეგ თამაშზე განაცხადშიც ვერ ხვდებოდი. მაშინ ვიფიქრე, რომ სადმე უნდა წავსულიყავი, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ იმ მომენტში ჩემი თავით კმაყოფილი არ ვიყავი’’  - აღნიშნა გიორგიმ CrystalSport-თან საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიური კლუბები განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩევიან, „სარაევოს’’ ტრამპლინის მაგალითები აქვს, რაც გულიაშვილის მომავალთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალია. „სარაევომ’’ 2021 წელს მეკარე ვლადან კოვაჩევიჩი 1,02 მილიონად „რაკუვში’’ გაყიდა და დღეს ეს მეკარე ლისაბონის „სპორტინგის’’ სასტარტოშია. 2023 წლის ზაფხულში ერთ-ერთი გამორჩეული ბოსნიელი ტალანტი დალ ვარეშანოვიჩი „სარაევოდან’’ 1,2 მილიონად თურქეთის სუპერლიგის „რიზეში’’ გადავიდა, ამ ზაფხულში „რიზეში’’ კიდევ ერთი ფეხბურთელი, მუჰამედ ბულიუბაშიჩი 1,5 მილიონად გაუშვეს.

გულიაშვილის ერთ-ერთი მთავარი პლუსი შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაშია. გარემარბად ორივე ფლანგზე თამაშობს. ასევე, რამდენჯერმე მეორე ფორვარდად და ათიანზე დააყენეს. ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე გოლებს ორივე ფეხით იტანს.

გულიაშვილთან დაკავშირებით ჩემი მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ არ თამაშობს უკეთეს კლუბსა და ჩემპიონატში.

„სარაევოში’’ გადასვლიდან ექვს თვეში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ვითამაშე, გოლი გავიტანე, მაგრამ მხოლოდ ერთი რეალური ვარიანტი მქონდა - ბოსნიური „ველეჟი’’. უკვირთ ხოლმე, სხვაგან რატომ ვერ მიდიხარ? ინტერესები არის, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიდის. ზოგს ფინანსური კრიზისი აქვს, ზოგს გადახდა არ შეუძლია, ზოგს მარტო იჯარით დამატება არ უნდა, „სარაევო’’ კი განათხოვრებისას მხოლოდ მშრალ იჯარაზეა თანახმა. პატარ-პატარა დეტალები აფერხებს ხოლმე.


ევროზე გოლი გავიტანე და საბოლოოდ იჯარით „ველეჟში’’ წავედი, სადაც ჩემს პოზიციაზე ნომერ პირველად განმიხილავდნენ. ამ გადმოსახედიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მინდოდა „სარაევოსთვის’’ ჩემი სიტყვა მეთქვა და დამემტკიცებინა, რომ იქ თამაშის ღირსი ვიყავი.

რომ გავიკითხე, ყველამ ის მითხრა, რომ თუ ისევ ბოსნიაში წავიდოდი, „ველეჟი’’ საუკეთესო ვარიანტია იყო. კარგი გუნდი, კარგი სტადიონი, შესანიშნავი ქომაგები, პატარა და საყვარელი ქალაქი ისტორიული ნაწილით.

„ველეჟში’’ როგორ იყო იცი... რომელმა მწვრთნელმაც მიმიყვანა, ორ კვირაში გაუშვეს და ახალი მოვიდა. იმ მომენტში ყველაზე მეტად ნდობა მჭირდებოდა და ეს ნდობა ახალი მწვრთნელისგანაც ვიგრძენი. ნდობა გავამართლე, გოლები გავიტანე''.

გასულ სეზონში გულიაშვილმა ბონიის ჩემპიონატის 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ვერ ვიტყვი რომ საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით დიდი განსხვავებაა. ალბათ, აქ უფრო მეტი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ერთი რაც ძალიან აშკარაა, დერბის კულტურა აქვთ. „ზელეზნიჩართან’’ დერბი გვაქვს, 10-15 ათასი გულშემატკივარი მოდის ხოლმე. ზოგადად, ჩემპიონატში 5-6 ისეთი გუნდი, რომელთა შორის დერბები იმართება, სტადიონები ივსება. მტრული დამოკიდებულება არის, რაც დერბებს ახასიათებს ხოლმე’’.

ფეხბურთელს, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს, ეროვნულ ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი და ამბიცია აქვს.

„ეროვნულ ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი მაქვს. ყველა ასაკობრივი გამოვიარე, ასე თუ ისე კარგად ვთამაშობდი, ფეხბურთელისთვის შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მომეცეს. ჩემი მხრივ, როცა მოედანზე ვიქნები, მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რომ ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცეს.

ყოველთვის იმას ვამბობ, რომ გამოვიდე და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ნაკრებში გამომიძახებენ თუ არა, ამას მე არ ვწყვეტ. იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობა მომეცემა. ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე და ჩემი ოცნებაა ეს ისტორია შევკრა. ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე და იქ ადგილი დავიმკვიდრო’’.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გოლის გატანის გარდა გულიაშვილის სანაკრებო კარიერა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მატჩს მოიცავს, დუბლი ინგლისთან ამხანაგურ მატჩში.


ისევე როგორც ბევრმა Gen Z-ის თაობიდან, რუსული არ იცის და ინგლისურად საუბრობს, მომავალს პოზიტიურად უყურებს, „სარაევოში’’ ახალ ფეხბურთელებში ლიდერად იქცა, მის მიმართ დიდი ნდობაა. ასევე, „სარაევოს’’ ფეხბურთელების გაცილებით უკეთეს ლიგებში გაყიდვის პრაქტიკა აქვს, რაც გულიაშვილის მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

საუბარი იმ თემაზე საუბრით დავასრულეთ, თუ რა უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობს ახლა.

„ჯარიმების და პენალტების დარტყმა დავიწყე, წინა სეზონში 2 ჯარიმა გავიტანე. ალბათ, ტექნიკური თვალსაზრისით თავით თამაში უნდა გავაუმჯობესო. ასევე, დარტყმა დამაგვირგვინებელ ფაზაში. მოკლედ, ამ უნარების გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ვმუშაობ. ახლა რასაც ვატყობ, სტანდარტულებზე მოვუმატე’’.

გულიაშვილის საუკეთესო მომენტები გასული სეზონიდან, ვიდეო Geo Scout-მა მოამზადა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები