გიორგი მამარდაშვილი, იაგო ასპასი
Aa
Aa

რა უთხრა მამარდამ ასპასს - პენალტის ეპიზოდის დეტალები

გუშინ, ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში სტუმრად „სელტასთან“ (1:3) მარცხის მიუხედავად, „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მორიგი დამაჯერებელი მატჩი იქაური სპორტული პრესის მთავარი სალაპარაკო თემა იყო. „ღამურების“ 23 წლის ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში გალისიელების ლიდერს იაგო ასპასს 11-მეტრიანი აუღო და უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ კომპონენტში სულ უფრო ძლიერი ხდება, რაზეც სტატისტიკაც კარგად მეტყველებს - „ვალენსიას“ კარში დანიშნული ბოლო ხუთი პენალტიდან გიორგიმ სამი მოიგერია.

ასპასის დარტყმულის მოგერიების შემდეგ, მან ესპანელ ფორვარდს ღიმილით რაღაც უთხრა და მისკენ ირონიული სახით გახედა. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა eldesmarque.com-მა კი გადაწყვიტა „ვალენსიას“ მეკარისა და „სელტას“ ფორვარდის დიალოგის შინაარსის შესახებ თავად იაგოსგან გაეგო.

რა თქვა ასპასმა

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამარდაშვილმა ფსიქოლოგიური ომი მომიგო. სანამ დავარტყამდი, გამაფრთხილა, რომ თუ შარშანდელის მსგავსად მისგან მარჯვენა კუთხეში გავუშვებდი ბურთს ვერ ამიღებდა, საპირისპირო კუთხეში კი აუცილებლად მოიგერიებდა. ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო და საპირისპირო კუთხეში დავარტყი, გიორგიმ კი უპრობლემოდ მოიგერია.

ძალიან მომატებული აქვს - მის წინააღმდეგ წლებია მიწევს თამაში და უკვე კარგად ვხვდები, რატომ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ და რატომ ცდილობენ გრანდები მის შეძენას.

ასპასმა შარშანდელი მატჩი ახსენა და წინა სეზონის ბოლოს, ამავე სტადიონზე „სელტა“ – „ვალენსიას“ მატჩი 2:2 დასრულდა, მან კი ერთი ბურთი მამარდაშვილს სწორედ პენალტის ნიშნულიდან გაუტანა. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ესპანური პრესის ვერსიით, მამარდაშვილი სამი გოლის გაშვების, ხოლო ასპასი 11-მეტრიანის გაფუჭების მიუხედავად, თავიანთ გუნდებში საუკეთესოები იყვნენ, რადგან გიორგიმ პენალტი მოიგერია, ხოლო ვეტერანი ესპანელი ფორვარდის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია | ვალენსიას დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს
მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია | ვალენსიას დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს