„ასეთი კლასის მეკარე ასეთ ფასად იშვიათია“ - სატრანსფერო ექსპერტი მამარდაშვილზე
ძალიან მალე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულისთვის“ არამხოლოდ ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის, არამედ 2024 წლის პირველი შენაძენი იქნება, რადგან მერსისაიდელებს ზამთარშიც არავინ დაუმატებიათ და ბოლო ტრანსფერი 2023 წლის აგვისტოში განახორციელეს. მერსისაიდის მხარის დედაქალაქში გამომავალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაზეთის, Liverpool Echo-ს ჟურნალისტი ესპანელ სატრანსფერო ექსპერტს პაკო პოლიტს დაუკავშირდა, რომელსაც საკუთარი პოდკასტი აქვს და მისი პროგნოზები ძალიან ხშირად მართლდება.
რას ამბობს პოლიტი
„იფსვიჩთან“ შეხვედრაში „ლივერპულს“ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ არნე სლოტი გიორგი მამარდაშვილის დამატებაზე მაინც ფიქრობს, რადგან 35 მილიონად ასეთ ასაკში მყოფი ასეთი კლასის მეკარე იშვიათი სანახავია.
მერწმუნეთ, „ვალენსიამ“ ის სრულიად შემთხვევით ჩაიგდო ხელში და „ღამურებს“ გიორგის კანდიდატურა მისმა აგენტმა შესთავაზა. არადა, თავიდან მამარდაშვილი ესპანეთში „ლევანტეში“ საასპარეზოდ იყო ჩამოსული და საბოლოო ჯამში „ვალენსიაში“ აღმოჩნდა.
გიორგის ნიჭი თავდაპირველად ხოსე ბორდალასმა შეამჩნია და მას შემდეგ ეს ბიჭი სეზონიდან სეზონამდე თამაშის ხარისხს აუმჯობესებს. შესაძლოა ფეხით ისევე კარგად ვერ თამაშობდეს, როგორც მაგალითად ედერსონი, მაგრამ საკმარისად უნარიანია საიმისოდ, რომ საჭიროების შემთხვევაში მცველებს ბურთის ატანაში დაეხმაროს, ან შეტევა გრძელი პასით დაიწყოს.
ბოლოს გეტყვით, რომ უკანასკნელი ინფორმაციით, „ვალენსიას“ პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა „ლივერპულის“ ხელმძღვანელებთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და გარიგება სულ მალე შედგება, რადგან აღებული ფულის გამოყენება მას ლუის რიოხას ტრანსფერში სურს, რომელიც „ღამურებმა“ დაიმატეს, მაგრამ თანხა სრულად არ დაუფარავთ.