მელუა ლიდერია - ქართველი არბიტრის აღიარება სპორტულ კარატეში
მსოფლიო კარატეს ფედერაციის განახლებული სამსაჯო რეიტინგის ლიდერი ქართველი თათია მელუაა. ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, სპორტული კარატეს საერთაშორისო ფედერაციაც მსგავსი რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებს თითოეული არბიტრის მიერ განსჯილ ბრძოლებს უკანასკნელ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე და თითოეული მათგანი სპეციალური კოეფიციენტით ფასდება.
აღსანიშნავია, რომ მელუა პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ოცდაოთხ და ევროპის გამორჩეულ ათ არბიტრს შორის დასახელდა, რომლებიც ნოემბერში ესპანეთის ქალაქ პამპლონაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს უნდა მოემსახურონ.
საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კარატეს წარმატება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება - ჩვენი ქვეყნის სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოგიტა არქანია ჩინეთში სპეციალური სემინარების ჩასატარებლად არის მიწვეული, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გარდა, ქართველი კარატისტებიც მიიღებენ.