მანჩესტერ სიტის 115 დარღვევა - განხილვა სექტემბერში იწყება
2023 წლის თებერვალში ინგლისის პრემიერ ლიგამ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ შიდა გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 2009 წლიდან 2018 წლამდე ფინანსური ფეარ პლეის წესის 115 დარღვევას, რის გამოც „ქალაქელები“ შეიძლება უმკაცრესად დაისაჯონ. საქმე ეხება პატარ-პატარა დანაშაულებს, რის გამოც შესაძლოა ისე მოხდეს, რომ მანჩესტერელებს ქულები დააკლონ და წლევანდელ სეზონში ასპარეზობა სერიოზული დანაკლისის ფონზე მოუწიოთ.
მიუხედავად არსებული სიტუაციისა, „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი პეპ გუარდიოლა დარწმუნებულია, რომ მისი კლუბის ბრალეულობა მინიმალურია და რაც მალე დასრულდება საქმეზე გამოძიება, ყველა მხარისთვის უკეთესი იქნება. კატალონიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მას გუნდის მეპატრონეებთან თემასთან დაკავშირებით ჰქონდა სერიოზული საუბარი და მათგან მიიღო გარანტიები, რომ „სიტის“ სპორტულ მომავალს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. გუარდიოლამ მედიელებს ისიც გაუმხილა, რომ დისციპლინარები საქმეს სექტემბერში განიხილავენ და სავარაუდოდ, ვერდიქტიც ამავე თვეში დადგება.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა ინგლისის პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი სტუმრად „ჩელსის“ (2:0) დამარცხებით დაიწყეს, დღეს კი მეორე ტურში „იფსვიჩ თაუნს“ უმასპინძლებენ.