“ეს მენტალიტეტის ნაწილია“ - ალონსო გლადბახის დამარცხების შემდეგ
ბუნდესლიგის პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ლევერკუზენის ბაიერმა უშეღავათო ბრძოლაში, სტუმრად გლადბახი 3:2 დაამარცხა. ალონსოს გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ალონსომ?
„ეს იყო ჩვენთვის პირველი დაძაბული თამაში. მეორე ტაიმში ბევრი რამ მოხდა და საბოლოო ჯამში ემოციებით დატვირთული იყო. ყველა კომპონენტში კომპაქტურები არ ვიყავით. ზოგიერთ ფაზაში პასიურობა გამოვავლინეთ. ზოგადად, უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. არ ვიცი, ვერ ავხსნი იმას, თუ რატომ გაგვაქვს გოლები ასე გვიან. ამაზე არ ვვარჯიშობთ. ეს გუნდის მენტალიტეტის ნაწილია.
შესვენების დროს ვთქვით, რომ არ უნდა დავნებებულიყავით. არ ვთვლიდით, რომ თამაში უკვე მოგებული იყო. გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ გლადბახი საკუთარ კედლებში მუდამ ბოლომდე იბრძვის. პირველი ტაიმის ბოლოს არასაკმარისად თანმიმდევრულები ვიყავით. ყველაფერი ჩვენით გავართულეთ, მაგრამ მთავარია ბუნდესლიგა გამარჯვებით დავიწყეთ."
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლევერკუზენის ბაიერმა ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო. გლადბახის წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი ფლორიან ვირცმა გაიტანა. შემდეგ ტურში, ბაიერი ლაიპციგს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 31 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.