გია ნიჟარაძე, რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

„აჯობებს ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ექვს ერში მიღება დროის ამბავია“ - გია ნიჟარაძე ქართულ რაგბიზე

გია ნიჟარაძეს არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის სამყაროში წარდგენა არ სჭირდება. ჩვენი ქვეყნის სარაგბო ცხოვრებაში ფუნქციონერის როლში ის 2005 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ჯერ რაგბის კავშირის გამგეობის წევრად, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 2008 წლიდან 2016 წლამდე პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგო. Crystalsport-თან ინტერვიუში ნიჟარაძემ ბორჯღალოსნების მიერ ივლისში გამართული ტესტ-მატჩების გარდა, ინგლისელი მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის მუშაობა და ჩვენი გუნდის ექვს ერში მოხვედრის პერსპექტივები შეაფასა.

გია ნიჟარაძე

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ფორმირების პროცესშია. მსოფლიოს 2027 წლის თასისთვის შენდება ახალი გუნდი, ხშირად იცვლება შემადგენლობა, ტარდება ბევრი ექსპერიმენტი და ასეთ დროს დეტალური შეფასების გაკეთება რთულია.

ფიჯისთან გამართული ივლისის პირველი ტესტ-მატჩის ანალიზისგან მე საერთოდ თავს შევიკავებდი, რადგან ისეთი კლიმატური პირობები იყო, მეტოქე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. აუტანელი სიცხე და ნესტიანი ჰაერი - ეს ზუსტად ის ჰავაა, რომელსაც კუნძულელები მიჩვეულები არიან.

იაპონიის ნაკრებისთვის დიდი ხანია არ მოგვიგია და რომ გავიმარჯვეთ იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ყველა ის მინუსი გადაფარა, რაც გვქონდა. არადა კარგ ასპარეზობაზე უფრო მეტად ჩანდა ის ასპექტები, რაზეც ბევრი გვაქვს სამუშაო.

ავსტრალიასთან გვქონდა სასწაულად კარგი ეპიზოდები, მაგრამ ალბათ რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ის უპირატესობა, რაც მეტოქეს კონტაქტის არეში, შერკინების დროს გააჩნდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რიჩარდ კოკერილის მუშაობის შეფასებისთვის ყველაზე კარგი დრო ნოემბრის მიწურული იქნება, როდესაც შემოდგომის სამივე ტესტ-მატჩს გავმართავთ და დავინახავთ, სად ვართ, რაში გვჭირდება მომატება. განსაკუთრებით ველოდები იტალიელებთან სტუმრად გასამართ თამაშს, რადგან მათ ასეთი ძლიერი გუნდი არასოდეს ჰყოლიათ.

რაც შეეხება ექვს ერში მოხვედრას, მგონია, რომ ამ თემაზე საუბარს საერთოდ თავი უნდა დავანებოთ. ეს კომერციული ტურნირია და მერწმუნეთ, დადგება მომენტი, როდესაც თავად მათ მობეზრდებათ ერთი და იგივე გუნდების ყურება და თავად ამ გუნდების გულშემატკივრები მოითხოვენ სიახლეებს.

ახლა საჭიროა ჩვენი საქმის კეთება მშვიდად განვაგრძოთ - დავალაგოთ სანაკრებო ვერტიკალი, დავიწყოთ აკადემიების პროექტი, მივხედოთ ბავშვთა რაგბს და აქცენტი გავაკეთოთ United Rugby Championship-ის გათამაშებაზე, სადაც „შავი ლომი“ თუ მოხვდა, რომელიც ძირითად ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ყოველწლიურად უამრავი მაღალი დონის თამაში გვექნება.

ცნობისათვის, გია ნიჟარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ, წლების მანძილზე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა და ორი წლის წინ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ამჟამად კი ის მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი და ჩვენი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარჩება ლიონში, თუ ახალ გამოწვევას მიიღებს?“ - ფრანგული მედია ნინიაშვილზე
„დარჩება ლიონში, თუ ახალ გამოწვევას მიიღებს?“ - ფრანგული მედია ნინიაშვილზე