პირველივე ტურში გამორჩეული იყო - უკრაინელები წიტაიშვილს აქებენ
ივლისის ბოლოს კიევის „დინამოდან“ „გრანადაში“ იჯარის წესით გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველივე ტურში საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც „ალბასეტესთან“ (1:2) წაგებულ შეხვედრაში ნათამაშები 70 წუთის მანძილზე, ძალიან აქტიური იყო და ერთ ეპიზოდში გოლამდე მცირედი დააკლდა, როდესაც მისი დარტყმა ხარიხამ მოიგერია. სწორედ გიორგიზე და მის პირველ თამაშზე გამოქვეყნდა სტატია „დინამო კიევის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და უკრაინელები საქართველოს ნაკრების მოთამაშეს იმდენად აქებენ, რომ ასე თუ განაგრძობს, დედაქალაქელებს მისი დაბრუნება აუცილებლად მოუნდებათ.
უკრაინელებს მოყვანილი აქვთ წიტაიშვილის ციტატა, რომელიც მან ანდალუსიაში გადაბარგების დროს იხმარა და განაცხადა, რომ ბევრ საუბარს ურჩევნია საკუთარი საჭიროება საქმით დაამტკიცოს. მართლაც, გიორგიმ დანაპირები პირველივე ტურში შეასრულა და „ალბასეტესთან“ „გრანადას“ მთავარი პოზიტივი ქართველი მე-11 ნომერი იყო. „დინამო კიევის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართველი განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც თავისი სისწრაფით მაშინვე ყურადღებას იპყრობს და საჭიროების შემთხვევაში კარში უზუსტესი დარტყმებიც კარგად გამოსდის.
სტატის ავტორმა ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ „გრანადას“ მთავარი მწვრთნელისთვის ისეთ მომთხოვნ და მაღალი დონის ჩემპიონატში, როგორიც სეგუნდა დივიზიონია ახალწვეულის ძირითადში დაყენება სარისკო გახლდათ, მაგრამ წიტაიშვილმა შეტევაში აქტიურობითა და დაცვაში პროდუქტიული თამაშით მას იმედები გაუმართლა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში გოლი გაიტანა, რის შემდეგაც უფროს ასაკში არჩევანი თავისი სამშობლოს, საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა და დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად ითვლება.