მამარდას ბორნმუთში იჯარა საბოლოოდ გამოირიცხა - კეპასთან მოლაპარაკება იწყება
ცნობილი იტალიელი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს გარდა, თითქმის ყველა წამყვანი სპორტული გამოცემა ადასტურებს, რომ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერის გაოფიციალურებამდე საათებია დარჩენილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში იწერებოდა იმის თაობაზე, რომ 23 წლის ქართველი მეკარის შეძენის შემდეგ, მერსისაიდელები მას იჯარით „ვალენსიაში“ დატოვებდნენ, ან „ბორნმუთში“ გაანათხოვრებდნენ, თუმცა ეს მეორე ვარიანტი შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ გამოირიცხა.
„ალუბლებმა“ როგორც ჩანს მამარდას დამატების იმედი საბოლოოდ დაკარგეს და მოლაპარაკებები კეპა არისაბალაგას აგენტთან დაიწყეს. „ბორნმუთის“ შეფებმა კარგად იციან, რომ ესპანელ მეკარეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ის მათ იმედებს გაამართლებს, კვალიფიციურ გოლკიპერთან კონტრაქტის გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლებათ. 29 წლის ესპანელი გასულ სეზონშიც იჯარის წესით თამაშობდა, მაგრამ უკრაინელ ონდრეი ლუნინს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია და „რეალის“ მაისურით მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „არისტოკრატებმა“ კეპა არისაბალაგას სანაცვლოდ „ბილბაოს“ 80 მილიონად დაიმატეს და ის დღემდე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ ითვლება.