ნოდარ ქორქია: „ტომასონი საქართველოს ნაკრებს არაფერში სჭირდება“
ალექსანდარ ჯიკიჩის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ჯერჯერობით გამართლებულ ნაბიჯად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დამაჯერებლად ვერ გამოდის, ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზეც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და „პარიზი 2024“-ის საგზურის გარეშე დარჩა. სერბი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილი ასევე არ არის ვეტერანი კალათბურთელი ნოდარ ქორქია, რომელმაც Crystalsport-თან საუბარში ნაკრების შედეგების შეფასების გარდა, საკუთარი მოსაზრება როგორც ჯიკიჩის, ასევე ეროვნული გუნდის ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ, ჯო ტომასონზე გამოთქვა.
რა თქვა ქორქიამ
შედეგები რა თქმა უნდა ისეთი არ არის, როგორსაც ველოდით, მაგრამ ჯერ მაინც უნდა ვაცადოთ. ჰქონდა ჯიკიჩს გამონათებები, თუმცა ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა.
ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ოლიმპიადის შესარჩევ ციკლში გიორგი შერმადინი ნაკრებს ძალიან დააკლდა და პრობლემა იყო თორნიკე შენგელიას ტრავმაც, რომელიც მთელი ძალით ვერ თამაშობდა.
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა სათამაშო სტილის შეცვლაში მდგომარეობს და ეს ცვლილება 3-4 წლის წინ კი არა, დიდი ხნის წინ მოხდა. ქართველები ყოველთვის სწრაფ კალათბურთს ვთამაშობდით, ახლა კი პირიქით ხდება და ყოველი შეტევისას ტემპს ვანელებთ.
ჯო ტომასონზე რას ვფიქრობ? ეს ის კალათბურთელი არ არის, რომელიც საქართველოს ნაკრებს სჭირდება. ჩვენ გუნდში უნდა თამაშობდეს პასის მიმცემი და გამქცევი გამთამაშებელი, ის კი ამ თვისებებით დაჯილდოებული არ გახლავთ.
მოთამაშის კარიერის მანძილზე ნოდარ ქორქია ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოგვიანებით კი პოლონეთის პირველობის ოქროს მედლები პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში მოიგო. ის პირველი ქართველია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს კლუბი საერთაშორისო ტურნირზე გაიყვანა. 1992 წელს ქორქიამ ზაზა ღონღაძესთან ერთად „მერანი“ ჩამოაყალიბა და „კორაჩის თასზე“ ათამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში თურქეთის „ფენერბაჰჩესთან“ დამარცხდა.