კონტეს იდეები არ მუშაობს, კვარამ ფლანგზე უნდა ითამაშოს - „ნაპოლის“ ექსფეხბურთელი
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯოვანი იმპროტამ, რომელსაც 1970-იან წლებში „პართენოპეის“ რიგებში 130-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გააკრიტიკა.
როგორც იმპროტამ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში განაცხადა, კონტეს ცენტრფორვარდის გარეშე უწევს თამაში და ამაზე დე ლაურენტისი არის პასუხისმგებელი.
„მიკვირს, რომ ისეთი გამოცდილი ადამიანი, როგორიც დე ლაურენტისია, ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. დღეს 23 აგვისტოა, კონტეს კი გუნდში ისევ ჰყავს ვიქტორ ოსიმენი და არ ჰყავს ისეთი ცენტრფორვარდი, რომლის მოედანზე გამოყვანაც შეიძლება.
ეს კონტეს პრობლემებს უქმნის: მწვრთნელი ცდილობს, ტაქტიკურ დონეზე გამოსავალი მოძებნოს, მაგრამ ეს იდეები არ მუშაობს. პოლიტანო და კვარაცხელია საუკეთესო თვისებებს ფლანგებზე აჩვენებენ, ამ სათამაშო სქემაში კი მათ გამო მოედნის ცენტრი გადატვირთულია.
„ბოლონიას“ წინააღმდეგ გუნდმა 4-2-3-1 სქემით უნდა ითამაშოს, პოლიტანომ და კვარაცხელიამ ფლანგები ჩაიბარონ, ნერეში კი ცენტრფორვარდის უკან უნდა განლაგდეს“.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც „ნაპოლიმ“ შვილის დაბადების გამო სამშობლოში გამგზავრების უფლება მისცა, უკვე ნეაპოლში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ცნობისთვის, სერია A-ს პირველ ტურში, „ნაპოლი“ „ვერონას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 45-ე წუთზე კვარამ მეტოქე გუნდის მცველთან შეჯახების შემდეგ შეცვლა მოითხოვა, თუმცა „ბოლონიასთან“ მატჩში, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება, ხვიჩას უკვე მოედანზე ვიხილავთ.