ფიფია: „ნაკრების ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ პრეს კონფერენციაზე „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა კლუბზე დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა. რომან ფიფიამ შესაძლო ტრანსფერებთან დასმულ შეკითხვას მოკლე, მაგრამ საინტერესო პასუხი გასცა.
რა თქვა ფიფიამ
კონკრეტულ სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ მოგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელთან და შევძლებთ თუ არა მის დამატებას, მალე გამოჩნდება.
ვიცი, რომ ბევრი უკმაყოფილოა „დინამო თბილისის“ შედეგებითა და სატრანსფერო პოლიტიკით, მაგრამ ამის თაობაზე გაცხადებული გვაქვს, რომ აქცენტს გუნდის გაახალგაზრდავებასა და აკადემიის აღზრდილების მთავარ გუნდში დაწინაურებაზე ვაკეთებთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. სპონსორის გარეშე ვართ დარჩენილები. უკვე სამი თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ მსხვილ ორგანიზაციასთან და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ 25 ქულით თბილისის „დინამო“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კვირას, 25 აგვისტოს, სტუმრად თანაქალაქელ „იბერიასთან“ გამართავს.