„ლივერპულის“ თავკაცს მამარდას შესახებ ჰკითხეს | რა თქვა არნე სლოტმა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა „ბრენტფორდთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ეხებოდა, რომლის შეძენაზეც მერსისაიდელები ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ.
სლოტმა მამარდაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ პასუხი ისედაც ცნობილია, მაგრამ შეთანხმების გაფორმებამდე მას ამ თემაზე საუბარი არ სურს.
რა თქვა არნე სლოტმა:
მგონი, თქვენ უკვე იცით პასუხი. თუ შეთანხმება შედგა, ჩვენ ამის შესახებ შეგატყობინებთ. ვიდრე შეთანხმება არ იქნება, ჩვენ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებთ.
საერთოდ არ მაღევლებს ის, რომ არც ერთი ახალწვეული არ გვყავს. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ კარგი გუნდი ჩავიბარე. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებმაც წინა ტურში თავი კარგად წარმოაჩინეს. ვენდობით მათ და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ ნდობას მომდევნო მატჩებშიც გაამართლებენ.
ბოლო ინფორმაციით, „ლივერპულმა“ და „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ქართველი მეკარე „წითლებთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ერთი წლით „ვალენსიაში“ იჯარის წესით ითამაშებს. მერსისაიდელები მის სანაცვლოდ ვალენსიურ კლუბს 35 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდიან.
პრემიერლიგის პირველ ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „იფსვიჩი“ 2:0 დაამარცხა, 25 აგვისტოს კი „ენფილდზე“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს.