ლაკაზეტმა მიქაუტაძე შეაქო - „გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია, აუცილებლად ვითამაშებთ ერთად“
„ლიონის“ კაპიტანმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ლაკაზეტის თქმით, მიქაუტაძე, რომელიც „ლიონს“ მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, მაღალი დონის ფეხბურთელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მოედანზე რაც შეიძლება მალე გამონახონ საერთო ენა.
„თავს კარგად ვგრძნობ, ოლიმპიურ ნაკრებში კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და სათამაშოდ მზად ვარ. სეზონი გრძელია, მე და გიორგი აუცილებლად ვითამაშებთ ერთად. თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, ეს შესაძლოა უკვე ამ ტურში, „მონაკოსთან“ მატჩში მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ გიორგისთან, ისევე როგორც სხვა ახალწვეულებთან, მალე გამოვნახოთ საერთო ენა.
მიქაუტაძე მაღალი დონის ფეხბურთელია - მან ეს გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა. როგორი ურთიერთობა გვექნება? უბრალოდ მსურს, რომ ერთად ბევრი გოლი გავიტანოთ. გუნდს გამარჯვების მიღწევაში უნდა დავეხმაროთ“.
ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ სტუმრად „რენთან“ 0:3 დამარცხდა, მიქაუტაძემ კი პენალტი ვერ გამოიყენა. ლაკაზეტმა „რენთან“ შეხვედრა გამოტოვა, თუმცა 24 აგვისტოს „მონაკოს“ წინააღმდეგ მატჩში სათამაშოდ მზად იქნება.