გველესიანი „პერსეპოლისის“ ძირითადში დაბრუნდა - „ირანში თამაში ძალიან სასიამოვნოა“
ირანული „პერსეპოლისის“ ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა თაბრიზის „ტრაქტორთან“ ფრედ დასრულებული მატჩი შეაჯამა.
გველესიანმა ირანის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „ზობ აჰანის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე გაატარა, „ტრაქტორთან“ კი ძირითადში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის შემდეგ 30 წლის ქართველმა მცველმა აღნიშნა, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩზე მისული 70 000 გულშემატკივრების უმეტესობა „ტრაქტორს“ უჭერდა მხარს.
„ირანში თამაში ძალიან სასიამოვნოა. გასული სეზონი ყველა გუნდისთვის ძალიან რთული გამოდგა, კონკურენცია ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ აქ ვთამაშობ. სტადიონზე დღეს შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, მიუხედავად იმისა, რომ ფანების უმეტესობა ჩვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი“.
ორი ტურის შემდეგ „პერსეპოლისი“, რომელიც ირანის მოქმედი ჩემპიონია, 2 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გველესიანის გუნდი „ფულადის“ წინააღმდეგ 30 აგვისტოს გამართავს.