„სკოტების საუკეთესო დრიბლიორები გააჩერა“ | დანიური გამოცემა გოჩოლეიშვილზე
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ „კილმარნოკს“ ხვდება. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პირველი მატჩი საკუთარ კედლებში გამართა და 2:0 იმარჯვა.
გოჩოლეიშვილს საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის შემდეგ, ცნობილმა დანიურმა გამოცემამ, Bold-მა 23 წლის უკანახაზელის თამაში შეაფასა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ქართველი ფეხბურთელი მოსაწყენი კოპენჰაგენური საღამოს ერთ-ერთი გამნათებელი ნაპერწკალი იყო. კოპენჰაგენში იჯარით მყოფმა მოთამაშემ ბრწყინვალე ინიციატივა გამოაჩინა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში აქტიური იყო და თავისი გიჟური სისწრაფე რამდენჯერმე გამოავლინა. ამასთან, გოჩოლეიშვილმა სკოტების საუკეთესო დრიბლიორებიც გათიშა“.
საინტერესოა, რომ „კოპენჰაგენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გიორგი ახლოს იყო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ კევინ დიკსის გოლის შემდეგ, გულშემატკივრებმა აქცენტი მასზე გააკეთეს. გეტყვით იმასაც, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.