ილიას გამარჯვება მხოლოდ ერთმა ივარაუდა | UFC-ის მებრძოლები ჰოლოუეი VS თოფურიაზე
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. „ელ მატადორისა“ და „დალოცვილის“ ჩხუბთან დაკავშირებით, UFC-ის მებრძოლებმა პროგნოზები გააკეთეს და მათი უმრავლესობა ჰოლოუეის გამარჯვებას ვარაუდობს.
დიეგო ლოპესი (ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი): „ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. ილია ახალგაზრდა და აგრესიული სტილის მქონე მებრძოლია, მაქსი კი ძალიან გამოცდილია და ყველაფერი აქვს ნანახი. ჰოლოუეი არავის დაუნოკაუტებია და ნებისმიერისთვის სერიოზული საფრთხეა. უაღრესად საინტერესო ჩხუბი იქნება და მაქსის გამარჯვებისკენ ვიხრები“.
კურტის ბლეიდსი (მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლი): „ვფიქრობ, ჰოლოუეი გაიმარჯვებს“.
ნილ მაგნი (ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი): „მაქს ჰოლოუის წინააღმდეგ არასდროს წავალ. მაქსი გაიმარჯვებს“.
ალექს რეიესი (მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი): „მაქსის მოგებას ვვარაუდობ. არასწორად არ გამიგოთ, ილია ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ მგონია, რომ ჰოლოუეი გაიმარჯვებს“.
ბრაიან კელეჰერი (სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი): „ჰოლოუეი შეუჩერებელია. ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში, რომელიც ერთით მაღალ წონაში გაიმართა, მაქსი ბრწყინვალე იყო. თოფურიას კარგი კრივი და ძლიერი დარტყმები აქვს, მაგრამ ჰოლოუეი ოქტაგონზე შესანიშნავად გადაადგილდება და ალბათ, უკეთესი საბრძოლო ინტელექტი აქვს. მაქსი ბევრად გამოცდილია, გაცილებით რთული მეტოქეები ჰყოლია და მის გამარჯვებას ვვარაუდობ“.
დეიმონ ჯექსონი (ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი): „რაღაც მხრივ, მინდა, რომ ილიამ გაიმარჯვოს, რადგან ეს ჩემს თოფურიასთან მარცხს, უკეთ წარმოაჩენს, მაგრამ მაქსისკენ ვიხრები. ჩვენი ბრძოლის პირველ რაუნდში, თოფურიას რამდენჯერმე ძლიერად მოვარტყი და შემიძლია ვთქვა, რომ ჰოლოუეი მას პრობლემებს შეუქმნის“.
ევან ელდერი (საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი): „თოფურია ძალიან მომწონს და ილიას ჩხუბებს ვუყურებ, რათა მისი კრივი შევისწავლო. ალექს პერეირას თუ არ ჩავთვლით, ჩემი აზრით, თოფურია, მთლიანად MMA-ში, ყველაზე სახიფათო სტრაიკერია. ჰოლოუეის გაუჭირდება თავიდან აირიდოს ბომბები, რომლებსაც ილია გაუშვებს და ვფიქრობ, ელ მატადორი გაიმარჯვებს. ჯასტინ გეიჯისთაც იგივე მეგონა, მაგრამ მაქსმა მეტოქე ნაწილებად დაშალა. მიუხედავად ამისა, არ მგონია, აქაც იგივე მოხდეს“.
ჯარედ გუდენი (ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი): „რთულია, მაგრამ მგონია, ჰოლოუეი აჯობებს. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი კი დაანოკაუტა, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ ვოლკი ნაადრევად დაბრუნდა და უფრო დიდხანს უნდა დაესვენა. ვიცოდი, რომ თოფურია ნოკაუტით გაიმარჯვებდა, მაგრამ მაქსს მაგარი ყბა აქვს და ვფიქრობ, თოფურიას დაამარცხებს“.
ჯონი პარსონსი (ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი): „ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის გათვალისწინებით, ჰოლოუეის გამარჯვებას ვვარაუდობ. მაქსმა აჩვენა, რამდენად ტექნიკური შეუძლია იყოს და რამდენად სოლიდური დაცვა აქვს. მან გეიჯის დიდი ზიანი მიაყენა, თავად კი სერიოზული ზიანი არ მიუღია“.
ჯულიან იროსა (ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი): „თოფურია კარგი მებრძოლია, მაგრამ მგონია, რომ მისი დანოკაუტების შანსი უფრო მეტია, ვიდრე ჰოლოუეისი. ჩემი აზრით, მაქსი გაიმარჯვებს”.
როგორც ხედავთ, გამოკითხული მებრძოლებიდან „ელ მატადორის“ გამარჯვება მხოლოდ ერთმა ივარაუდა და ყველა დანარჩენი კი ჰოლოუეისკენ იხრება.