ტატო გრიგალაშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლაშა ბექაური
Aa
Aa

რა შეცვალა რეიტინგში ოლიმპიადამ - ორი წონის ლიდერი ქართველია

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ პარიზის თამაშებზე ასპარეზობა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შვიდიდან სამი მედალი კი ჩვენ ქვეყანას ძიუდოისტებმა მოუტანეს - ოლიმპიური ჩემპიონი, თანაც ზედიზედ მეორედ ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. წლის მთავარი სპორტული მოვლენის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ბევრი ცვლილებები შევიდა და ზოგმა ქართველმა პროგრესი განიცადა, ზოგმა კი რეგრესი, წონის ლიდერი კი ორი გვყავს - ლაშა ბექაური და ტატო გრიგალაშვილი.

60 კგ წონითი კატეგორია

აბუ დაბიში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ხარჯზე, პარიზის თამაშებამდე გიორგი სარდალაშვილი მეორე ადგილს იკავებდა და მხოლოდ ტაივანელ იუნგ ვეი იანგს ჩამორჩებოდა. მას შემდეგ კი რაც საფრანგეთის დედაქალაქში უმედლოდ დარჩა, საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძემ და ესპანელმა ფრანსისკო გარიგოსმაც გაუსწრო და 21 წლის ქართველი მე-4 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

66 კგ წონითი კატეგორია

ოლიმპიადამდე მესამე იყო, ახლა კი პარიზში პირველივე წრეში წაგების მიუხედავად, ვაჟა მარგველაშვილმა მხოლოდ მცირედი ვარდნა განიცადა და მეოთხე საფეხურზე ჩამოვიდა. მას მოლდოველი დენის ვიერუ, ბრაზილიელი ვილიან ლიმა და იაპონელი ჰიფუმი აბე უსწრებენ.

73 კგ წონითი კატეგორია

ქართველი ძიუდოისტებიდან ოლიმპიურმა თამაშებმა რეიტინგის თვალსაზრისით ყველაზე უარყოფითად სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელზე იმოქმედა - პარიზში მარცხი შავდათუაშვილს ძვირად დაუჯდა, ათეულშიც ვეღარ შეინარჩუნა ადგილი და მეთორმეტე პოზიციას იკავებს.

81 კგ წონითი კატეგორია

სანამ პარიზის ტატამიზე გავიდოდა, ტატო გრიგალაშვილი 7840 ქულით მეორე ადგილს იკავებდა და მცირედით ჩამორჩებოდა ლიდერ მატიას კასეს. მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ კი, მან 8335 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილზე გადავიდა.

90 კგ წონითი კატეგორია

ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდეც წონის ლიდერი იყო და კიდევ ერთი ჩემპიონობის შემდეგ, ბუნებრივია პოზიცია შეინარჩუნა. თუ აქამდე მას კვალში სერბი ნემანია მაიდოვი ედგა, ახლა მეორეზე სანშირო მურაო გადავიდა, რომელსაც ბექაურმა ფინალში აჯობა. მაიდოვმა კი საერთაშორისო ფედერაციაზე ისეთი ფორმით ისაუბრა, შესაძლოა მას სამუდამო დისკვალიფიკაციაც მისცენ.

100 კგ წონითი კატეგორია

რომ არა ბოლო წუთების დრამა, ილია სულამანიძე არამხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა, არამედ აზერბაიჯანელ სელიმ კოცოევს წონის ლიდერობასაც ჩამოართმევდა. თუმცა, სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო რეიტინგში კოცოევი პირველ ადგილზე დარჩა.

+100 კგ წონითი კატეგორია

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენად მკაცრი იქნება გურამ თუშიშვილის დისკვალიფიკაცია და დააჯერებენ თუ არა მას მხოლოდ ოლიმპიადიდან მოხსნას. ამჟამინდელი მონაცემებით კი მან ერთი ადგილით უკან ჩაინაცვლა და მეხუთე პოზიციას იკავებს.

ჩემპიონ-პრიზიორების გარდა, ოლიმპიადაზე ძიუდოისტებიდან ჩვენი ქვეყნის სახელით, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ ოთხივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტატო გადაიწვა, მსოფლიოზე მასაც უნდა დაესვენა“ - ჭრიკიშვილმა ოლიმპიადა შეაფასა
„ტატო გადაიწვა, მსოფლიოზე მასაც უნდა დაესვენა“ - ჭრიკიშვილმა ოლიმპიადა შეაფასა