ვალენსიას თავკაცმა მამარდაზე ისაუბრა - „გიორგის კონტრაქტი აქვს, მშვიდად ვართ“
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ „სელტასთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ისაუბრა „ღამურების“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე.
რა თქვა ბარახამ:
„მამარდაშვილს მოქმედი კონტრაქტი აქვს. სავარაუდო სცენარებზე საუბარი არ მსურს. შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი ფოკუსირებულია ხვალინდელ მატჩზე. ის ფაქტი, რომ ახლა სატრანსფერო პერიოდია, გაძლევთ შესაძლებლობას, დამისვათ მსგავსი კითხვები, მაგრამ მე უფრო „სელტას“ წინააღმდეგ ხვალინდელი მატჩი მაღელვებს. სწორედ ამაზე ვფიქრობ პირველ რიგში“.
გიორგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის გვეხმარება შედეგების მიღწევაში. თუ ის ჩვენთან დარჩება, ეს კარგი სიახლეა. მშვიდად ვართ, რადგან გვყავს სამი კარგი მეკარე, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ“.
ბოლო ინფორმაციით, „ლივერპულმა“ და „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ქართველი მეკარე „წითლებთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ერთი წლით „ვალენსიაში“ იჯარის წესით ითამაშებს. მერსისაიდელები მის სანაცვლოდ ვალენსიურ კლუბს 35 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდიან.
ლა ლიგაში მომდევნო მატჩს „ვალენსია“ სტუმრად, ვიგოს „სელტას“ წინააღმდეგ 23 აგვისტოს გამართავს.