„ევროთასის მოგებაში დაგვეხმარება“ - გრან კანარიას ქომაგები ტომასონზე
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ჯო ტომასონი თელ ავივის „მაკაბიდან“ „გრან კანარიაში“ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადავიდა, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული სახის პრობლემების გამო, გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა, ახლა კი ყველაფერი დალაგდა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ნატურალიზებული მოთამაშე კანარის კუნძულების კლუბის სრუუფლებიანი წევრი გახდა. ტომასონზე ქომაგები დიდ იმედებს ამყარებენ, რაზეც ერთ-ერთი ფან-კლუბის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული წერილიც მეტყველებს.
რას წერენ ტომასონზე
იწყება ისეთი სეზონი, რომელმაც ქომაგების ნერვიულობას წერტილი უნდა დაუსვას. დავიმატეთ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელი და ასევე გამოცდილებით სავსე მოთამაშეები, რომელთაგანაც დიდ სარგებელს ველით.
ჯო ტომასონი ამერიკელი შემტევი ტიპის მცველია, რომელიც პერიმეტრის გარდა, საშუალო დისტანციიდან კარგი სროლითაც გამოირჩევა. ის ისეთი დონის კალათბურთელია, რომელიც გრან კანარიას როგორც ევროთასის მოგებაში დაეხმარება, ასევე შიდა პირველობაზე უმაღლესი მიზნებისთვის აბრძოლებს.
31 წლის ტომასონი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ დაიმატა და მან ჩვენი ქვეყნის გუნდის რიგებში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა. მისი ბოლო გუნდი როგორც უკვე მოგახსენეთ, „მაკაბი“ იყო, იქამდე კი სწორედ ესპანეთის ლიგა ენდესაში გამოდიოდა და „გრანადაში“ საშუალოდ 14,1 ქულას, 3,4 ასისტსა და 1,1 ჩაჭრას აგროვებდა.