კარიერის დასრულების დროა - არავის სურს ხილვა, როგორ აზიანებს რონალდუ საკუთარ მემკვიდრეობას
„რონალდუს წასვლის დრო დადგა - არავის სურს იმის ხილვა, როგორ აზიანებს ის საკუთარ მემკვიდრეობას“ ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Goal-ი აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტი ჯეიმს ვესტვუდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მოიქცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ალ-ნასრის“ ბოლო მატჩის დროს, რომელშიც რონალდუს გუნდი „ალ-ჰილალთან“ დამარცხდა.
საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში ანგარიში რონალდუმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში „ალ-ნასრი“ საკუთარ თავს არ ჰგავდა და 4 გოლი გაუშვა. მეოთხე გოლის შემდეგ 39 წლის პორტუგალიელმა თანაგუნდელები საჯაროდ გააკრიტიკა და ჟესტებით ანიშნა, რომ მათ მოედანზე „ჩაეძინათ“.
„ეს საშინელი სანახავი იყო, - წერს ვესტვუდი. - „ალ-ნასრის“ კაპიტანმა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა კლასისა და თვითშეგნების ნაკლებობა გამოავლინა, მაშინ როდესაც გუნდს რონალდუ ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 18 წუთი რჩებოდა და თუ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა არა, ფინალში სახის შენარჩუნება „ალ-ნასრს“ ნამდვილად შეეძლო“.
Ronaldo explodes his anger at Al-Nassr players and indicates that the team is asleep ????????pic.twitter.com/wGIC3nvObF
— Raj (@PremRaj184_) August 17, 2024
რონალდუ და „ალ-ნასრი“
სამწუხაროა, მაგრამ ამ კლუბში რონალდუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობს. შემთხვევითი არაა, რომ რონალდუს გუნდში მოსვლის შემდეგ „ალ-ნასრს“ არც ერთი ტიტული არ მოუგია. მოედანზე ყველასათვის კარგად ნაცნობი კრიშტიანუს აჩრდილია. ტრიბუნებზე ხალხის მოზიდვის ნაცვლად, ის თავისი ქცევით ცუდ მაგალითს აძლევს სხვებს და ვერ ხვდება, რომ მისი ეპოქა დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ალ-ნასრის“ მაისურით ჩატარებულ 72 მატჩში რონალდუმ 66 გოლი გაიტანა, მისმა ტრანსფერმა გუნდი არ გააძლიერა. პირიქით, „ალ-ნასრი“ ახლა მხოლოდ პორტუგალიელის გოლებზეა დამოკიდებული. როცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კლუბში მივიდა, „ალ-ნასრი“ სატურნირო ცხრილის სათავეში იყო, თუმცა იმ სეზონში ჩემპიონობა „ალ-იტიჰადმა“ იზეიმა, შემდეგ წელს კი „ალ-ჰილალი“ იყო შეუჩერებელი.
თებერვალში კრიშტიანუმ დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც უხამსი ჟესტი უჩვენა „ალ-შაბაბის“ ფანებს, რომლებიც ლიონელ მესის სახელს სკანდირებდნენ. ორი თვის შემდეგ რონალდუ მოედნიდან „ალ-ჰილალის“ მცველის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს.
Cristiano Ronaldo will be investigated after this gesture he made to fans chanting for Lionel Messi ???? pic.twitter.com/5h58hnnBeE
— The Premier League Club (@TPLCSports) February 26, 2024
ასე რომ, სუპერთასის ფინალში რონალდუს ქცევა არავის გაჰკვირვებია. მატჩის შემდეგ ის გასახდელისკენ გაეშურა და ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა, თითქოს „ალ-ნასრის“ წარუმატებლობაში მას არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. როგორი მაგალითია ეს გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის?
რატომ არ ამთავრებს რონალდუ?
რონალდუს თამაშის დონე რომ დაეცა, ეს ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ მის ბოლო სეზონში გამოჩნდა. „ოლდ ტრაფორდზე“ წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ პორტუგალიელ ფორვარდს სხვა კონტინენტზე გადაბარგების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა - ვეტერან თავდამსხმელზე ფსონის დადება არც ერთმა ევროპულმა ტოპ-კლუბმა არ მოისურვა.
„ალ-ნასრთან“ კრიშტიანუს კონტრაქტი მომავალ წელს იწურება, თუმცა კლუბი, დიდი ალბათობით, გამოიყენებს კონტრაქტში არსებულ პუნქტს და პორტუგალიელს კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, რონალდუს 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს, რაც საერთოდ არ არის გამორიცხული, თუ ნაკრების სათავეში ისევ რობერტო მარტინესი იქნება.
საგულისხმოა, რომ პორტუგალია გასული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა ცუდი თამაში აჩვენა და მეოთხედფინალში დამარცხდა, რონალდუმ კი ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. რონალდუს გოლი არ გაუტანია, თამაშში თითქმის არ მონაწილეობდა, ხოლო კამერების ობიექტივში ხშირად მაშინ ხვდებოდა, როდესაც პარტნიორებს მისთვის პასის არ მიცემის გამო აკრიტიკებდა ან მორიგი წარუმატებელი შეტევის გამო ბრაზობდა.
საკუთარი მემკვიდრეობის დაზიანება
ნათელია, რომ დადგა დრო, როდესაც რონალდუმ კარიერა უნდა დაასრულოს. პერიოდი, როდესაც ის და მესი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოდნენ, წარსულს ჩაბარდა. რაც უფრო მალე შეეგუება რონალდუ ამ აზრს, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს ის საკუთარ მემკვიდრეობას, რომელიც ასობით გატანილ გოლს, ათობით ტიტულს და 5 „ოქროს ბურთს“ ითვლის.