ერთ ნაბიჯში ნაპოლისთან - ლუკაკუს ტრანსფერი იხურება
რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი, რომლის შესახებაც პრაქტიკულად მთელი ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა, სულ მალე დაიხურება. ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის საგანგებო დავალებით ლონდონში იმყოფება და „ჩელსის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მხარეებმა ბოლო და საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გუშინ გამართეს, რის შემდეგაც თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ბელგიელი ფორვარდის პარტენოპეიში გადასვლა უკვე დროის ამბავია. 31 წლის ლუკაკუს სანაცვლოდ „არისტოკრატებს“ 25 მილიონ ევროს გადაუხდიან, დამატებით 5 მილიონს კი „ლურჯები“ მოგვიანებით მიიღებენ.
რომელუ ლუკაკუ „ანდერლეხტის“ შემადგენლობაში ბელგიის, ხოლო „ინტერის“ რიგებში იტალიის ჩემპიონი გახდა. ნერიაძურისთან ერთად ახლოს იყო როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპა ლიგის მოგებასთან, თუმცა ორივე ტურნირის ფინალში ის და მისი თანაგუნდელები დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 119 შეხვედრაში გატანილი 85 გოლით ის ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.