სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა
იანიკ სინერი დიდ უსიამოვნებაში გაეხვა. იტალიელი ჩოგბურთელი დოპინგზე ჩავარდა, თუმცა დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
როგორც მოგეხსენებათ, საჩოგბურთო სამყაროში, მიმდინარე წლის მარტში ინდიან უელსის მასტერსი გაიმართა, სადაც ATP რეიტინგის პირველ ნომერს სისხლში ორჯერ აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება ანდროგენული სტეროიდი კლოსტებოლი.
ეს ამბავი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, დოპინგის სიაში შესული ნივთიერება იტალიელის სისხლში ფიზიოთერაპევტთან მკურნალობის დროს აღმოჩნდა. იანიკი ჭრილობის დასამუშავებლად ისეთ სპრეის იყენებდა, რომელიც კლოსტებოლს შეიცავს. ამის შესახებ კი არც მას და არც მის ექიმს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
რამდენიმე დღის წინ, სადისციპლინო სასამართლომ იანიკ სინერი გაამართლა, თუმცა სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.
23 წლის ჩოგბურთელს ინდიან უელსზე მოპოვებული 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს და ფინანსური ჯარიმა 300 000 ევროს ოდენობით დააკისრეს.
მიუხედავად იმისა, რომ სინერი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, დღეს ამ საკითხს საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხი დახურული ჯერ არ არის და იანიკის საქმე აუცილებლად გადაიხედება. დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა სპორტის საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრდეს.