იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი: კვარას ცენტრში თამაში არ მოსწონს, ეს მისი ადგილი არაა
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო დი ჯენარომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გააკრიტიკა.
რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში დი ჯენარომ აღნიშნა, რომ ვიდრე „ნაპოლი“ კონტესთვის საჭირო ფეხბურთელებს არ მოიყვანს, გუნდს შედეგის მიღწევა გაუჭირდება.
„კონტეს ბევრი სამუშაო აქვს. სიმეონე და რასპადორი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ გუნდს არ ჰყავს ისეთი ფორვარდი, რომელზეც თამაშის აწყობა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, კვარაცხელია და პოლიტანო შემტევი ნახევარმცველები არ არიან. „ნაპოლის“ აკლია ფეხბურთელები, რომლებიც კონტეს გეგმებში ფუნდამენტურ როლს შეასრულებენ.
მთავარი პრობლემა შეტევას უკავშირდება. ჩემი აზრით, კვარას ასევე არ მოსწონს ცენტრში თამაში, იმიტომ რომ ის ფლანგზე თამაშს არის მიჩვეული. დი ლორენცო მოწყენილია, ის კი გუნდის ლიდერი უნდა იყოს. მთელი გუნდი დათრგუნულია ამ საერთო ნეგატიური დინამიკის გამო.
ცნობისთვის, იტალიური პრესის ინფორმაციით, „ვერონასთან“ მიღებული დაზიანება საგანგაშო არაა. ხვიჩას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ქართველი ფეხბურთელი „ბოლონიასთან“ მატჩში მოედანზე იქნება.