კრიშტიანუ რონალდუ, პეპ გუარდიოლა, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი
Aa
Aa

გუარდიოლა მართალია, სტატისტიკის მხრივ ჰოლანდი ნამდვილად მესისა და რონალდუს დონეზეა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Goal-ი ეხმიანება „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის, პეპ გუარდიოლას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სტატისტიკის მხრივ ერლინგ ჰოლანდი ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონეზეა.

გამოცემის ჟურნალისტი რიჩარდ მარტინი აღნიშნავს, რომ პეპი მართალია, როდესაც ჰოლანდის სტატისტიკას მესისა და რონალდუს მიერ დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. რიჩარდ მარტინის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ჰოლანდის მაქსიმუმი არაა და მას მეტის ჩვენება შეუძლია.

რა თქვა გუარდიოლამ ჰოლანდზე:

„მას რონალდუსა და მესის სტატისტიკა აქვს, ისინი კი გასული 15 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდნენ. ციფრების მხრივ, ჰოლანდი მათ დონეზეა. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებს, მაგრამ 100 მატჩში 91 გოლის გატანა ბევრს ნიშნავს. ინგლისისთვის ეს წარმოუდგენელია“.

პეპი მართალია - ჰოლანდი შესაძლოა ვერასოდეს დაეწიოს მესის და რონალდუს „ოქროს ბურთების“ რაოდენობით, განსაკუთრებით კილიან მბაპეს ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ გატანილი გოლების რაოდენობით ის მესისა და რონალდუს დონეზეა. მეტიც - ასაკს თუ ჩავთვლით მხედველობაში, ნორვეგიელი მათზე წინ არის.

მესის ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში ყველაზე მეტი - 496 გოლი აქვს გატანილი. რონალდუ მას 1 გოლით ჩამორჩება. ჰოლანდის ანგარიშზე 122 გოლია, მაგრამ დროის ფაქტორი მის მხარესაა. ივლისში ნორვეგიელს 24 წელი შეუსრულდა. რონალდუ საუდის არაბეთში 37 წლისა წავიდა, მესიმ კი აშშ-ისკენ 36 წლის ასაკში აიღო გეზი. შესაბამისად, ჰოლანდს 12 წელიწადში 375 გოლის გატანა სჭირდება, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32 გოლის გატანას უდრის.

თუ შევადარებთ 24-ე დაბადების დღემდე გატანილი გოლების რაოდენობას, ციფრები ასე გამოიყურება: ჰოლანდი - 121, მესი - 119, რონალდუ - 77. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამ ასაკში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ჰოლანდზე მეტი გოლი აქვს გატანილი, კილიან მბაპეა - 135 გოლით.

გოლების გატანის სპეციალისტი

უდავოა, რომ მესი, რონალდუ და მბაპე უფრო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელები არიან, მაშინ როდესაც ჰოლანდის საქმე მხოლოდ გოლების გატანაა. „სიტიში“ მას მხოლოდ 12 ასისტი აქვს, „დორტმუნდში“ კი 19 ჰქონდა. შედარებისთვის: „ბარსაში“ მესის 192 ასისტი, პსჟ-ში კი 30 ასისტი ჰქონდა. რაც შეეხება რონალდუს: 87 საგოლე პასი ლა ლიგაში და 37 პრემიერლიგაში. მბაპეს ანგარიშზე ლიგა 1-ში მხოლოდ 65 საგოლე გადაცემაა.

თუმცა, როდესაც ნორვეგიელი ვერ იტანს და „სიტი“ ქულებს კარგავს, განტევების ვაცი პრესისთვის ყოველთვის ჰოლანდია. ამასთანავე, გასულ სეზონში ნორვეგიელს ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა - მის გარეშე „სიტიმ“ ერთხელ ითამაშა ფრედ, დანარჩენი მატჩები კი მოიგო.

რა თქმა უნდა, 12 წლის განმავლობაში ყოველ სეზონში 30-ზე მეტი გოლის გატანა წარმოუდგენლად რთული ამოცანაა,  მესისა და რონალდუს გასასწრებად კი ნორვეგიელს სწორედ ასეთი ტემპი სჭირდება - მაგრამ ის შედეგიანობა, რომელსაც ჰოლანდმა მიგვაჩვია, ამის ალბათობას ნამდვილად არ გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სამუდამოდ გულშემატკივრების გულებში - კაკას გაბრწყინება 2007 წელს
სამუდამოდ გულშემატკივრების გულებში - კაკას გაბრწყინება 2007 წელს