მიქაუტაძე ლაკაზეტის მემკვიდრე უნდა გახდეს | ფრანგული მედია „ლიონის“ ფორვარდებზე
შაბათს, „მონაკოს“ წინააღმდეგ მატჩში პიერ საჟის პირველად ექნება შესაძლებლობა, ალექსანდრ ლაკაზეტი და გიორგი მიქაუტაძე ერთად ათამაშოს. როგორც გამოცემა Olympique-et-Lyonnais წერს, თეორიაში ეს დუეტი იმედისმომცემად გამოიყურება, ხოლო გამართლდება თუ არა ეს მოლოდინი პრაქტიკაზე, ამას დრო გვიჩვენებს.
მას შემდეგ, რაც ლაკაზეტმა ოლიმპიადაზე ითამაშა, საუდის არაბეთიდან მიღებულ შეთავაზებებზე უარი თქვა და „ლიონში“ დარჩენა არჩია, ის პირველად მოხვდება განაცხადში. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პიერ საჟი მას ძირითადში დააყენებს, თუ მოგვიანებით ჩართავს თამაშში. ეს ასევე ბადებს კითხვებს გიორგი მიქაუტაძესთან მისი პარტნიორობის შესახებ, ვინაიდან, როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ქართველი ფორვარდი „ლიონში“ ლაკაზეტის მემკვიდრე უნდა გახდეს.
კაპიტნის დაბრუნებასთან ერთად მიქაუტაძემ შესაძლოა სიმშვიდე დაიბრუნოს - გასულ კვირებში ის ყურადღების ეპიცენტრში იყო, რაც 23 წლის ფეხბურთელისთვის შესაძლოა რთული ყოფილიყო. ახლა საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა გეგმები აქვს პიერ საჟის ორ ცენტრფორვარდთან დაკავშირებით. ზაფხულში ის 4-4-2 სათამაშო სქემაზე მუშაობდა, თუმცა უცნობია, რეალიზდება თუ არა ეს იდეა მოედანზე.
თავად პიერ საჟი მიიჩნევს, რომ ლაკაზეტსა და მიქაუტაძეს ერთად თამაში შეუძლიათ:
„მათი გამოყენების ორი ვარიანტი მაქვს: ან გავანაწილო სათამაშო დრო ისე, რომ ერთად არ ვათამაშო; ან მოედანზე ორივე ერთდროულად შევუშვა. ეს დიდი პრობლემა არაა, პირიქით, ლავირების საშუალება მეძლევა. მთავარია, ორივემ კარგი თამაში აჩვენოს“.
ლიგა 1-ის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა - ქართველმა ფორვარდმა „რენს“ პენალტი ვერ გაუტანა, მისი გუნდი კი 0:3 დამარცხდა. მომდევნო მატჩს „მონაკოს“ წინააღმდეგ „ლიონი“ 24 აგვისტოს გამართავს.