უოტფორდის ისტორიაში მეორეა - ჩაკვეტაძის აღიარებები ინგლისში
სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. „ჩაკვემ’’ „სტოკ სიტისთან’’ 7 საგოლე შანსი შექმნა, 2013-14 წლების შემდეგ „უოტფორდის’’ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე, 2013-14 წლების სეზონში დაფიქსირებული სტატისტიკა „უოტფორდის’’ ისტორიაში საუკეთესოა და ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა (OPTA-ს დათვლით).
კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა, რაც ჩაკვეტაძის კარგ სათამაშო ფორმას ხაზს უსვამს. Whoscored-ის მონაცემებით ჩემპიონშიფის ახალი სეზონის საწყისი ორი ტურის მიხედვით ჩაკვეტაძე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა, მე-5 ადგილზეა.
ახლახან „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „აბრეშუმივით მსუბუქია, ჩაკვეტაძის მოედნის ხედვა, ინტელექტი, ტექნიკა. სასიამოვნოა მისი გაწვრთნა და მისი თამაშის ყურება. კარგ ფორმაშია, ფანტასტიკური პროფესიონალია. მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ კარგ მომენტს დიდი ხანი შეინარჩუნებს’’.
ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე საუბრისას სიტყვა Silky გამოიყენა, რაც აბრეშუმისებრს ნიშნავს. ინგლისელმა სპეციალისტმა ჩაკვეტაძის სიმსუბუქეს გაუსვა ხაზი. ბრწყინვალე ფორმაშია, ჩემპიონშიფის საწყის ორ ტურში მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.
2 ტურში ტომ ქლევერლის გუნდმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, მესამე ტურში „უოტფორდი'' „დერბი ქაუნთის'' მიიღებს, მატჩი ერთ კვირაში, 24 აგვისტოს გაიმართება.