მოლაპარაკების ფინალური სტადია - რა ხდება მამარდას გარშემო
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილმა „ბორნმუთში’’ იჯარით თამაშზე უარი თქვა, მას ურჩევნია იჯარით „მესტალიაზე’’ დარჩეს. წინადადება, რომლის მიხედვითაც მამარდას „ბორნმუთში’’ იჯარით უნდა ეთამაშა და შემდეგ „ლივერპულის’’ ფეხბურთელი გამხდარიყო, ქართველი მეკარისთვის მისაღები ვარიანტი არ აღმოჩნდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე „მესტალიის“ ბინადრებთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ექტორ გომესმა დაწერა, რომ „წითლებმა“ „ჩეს“ ფიქსირებული 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, ბონუსებით კი თანხა 40 მილიონს უახლოვდებოდა (40 მილიონში ის 5 მილიონიც შედიოდა, რასაც „ღამურები'' ფეხბურთელის „ბორნმუთში'' განათხოვრების შემთხვევაში მიიღებდნენ), თუმცა „ვალენსიას“ კონკრეტული მიზანი აქვს, ფიქსირებული 40 მილიონის მიღება უნდა.
„ბორნმუთის’’ ვარიანტი გამოირიცხა და ახლა დღის წესრიგში შემდეგი საკითხი დგას, „ლივერპულმა’’ გამოისყიდოს და ერთი სეზონით „ვალენსიაში’’ გაანათხოვროს.
ახლა მთავარი საკითხი „ვალენსიას’’ მმართველის, პიტერ ლიმის პოზიციაა. დათანხმდება თუ არა სატრანსფერო თანხის შემცირებას, რადგან ფეხბურთელს „ლივერპულთან’’ კონტრაქტის გაფორმება და „ვალენსიაში’’ იჯარით დარჩენა სურს. რადგან „ბორნმუთის’’ ვარიანტი გამოირიცხა, აღნიშნული კლუბის მხრიდან „ღამურები’’ იმ 5 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებენ, რაც მამარდაშვილის „ბორნმუთში’’ განათხოვრებისთვის უნდა მიეღოთ, „ლივერპული'' კი მზადაა მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო ბონუსების ჩათვით გადაიხადოს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბორნმუთის’’ გამორიცხვის შემდეგ კლუბები მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე არიან.
ცნობისთვის, გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახლავთ.
„ლივერპულის'' ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერს, რომელიც მოლაპარაკების მიხედვით მამარდამ 2025 წლის ზაფხულში უნდა შეცვალოს, მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ალისონი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში გეგმავს.