მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

პანიკა ჯერ ადრეა - რა არ გამოუვიდა რეალს და რა უნდა შეცვალოს ანჩელოტიმ

მადრიდის რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში მალიორკასთან ფრედ 1:1 ითამაშა. ეს კი ბლანკოსის თავდამსხმელებისთვის იმედგაცრუებული საღამო იყო..

ჯუდ ბელინგემი ჯერ მხოლოდ 21 წლის გახლავთ და ის გასახდელში ლიდერის ფუნქციებს ავლენს. ამას მისი ყოფილი თანაგუნდელებიც ადასტურებენ.. სწორედ ამის გამო არავის გაჰკვირვებია მისი საუბარი მალიორკასთან მატჩის შესვენების დროს.

ინგლისელი ნახევარმცველი ვინისიუს ჟუნიორს, კილიან მბაპეს და როდრიგოს ამშვიდებდა და რჩევებს აძლევდა..

ბელინგემმა მათ ურჩია: „მაქსიმალურად ეცადეთ ეპიზოდის დასრულებას და ხშირად დაარტყით კარში.“

ჯუდის ეს რჩევა გასათვალისწინებელი იყო, რადგან სამეფო კლუბმა მალიორკას წინააღმდეგ კარისკენ მხოლოდ 13-ჯერ დაარტყა და აქედან ზუსტი 5 აღმოჩნდა.

მსოფლიო დონის შეტევას, რომელსაც ლა ლიგა შტურმით უნდა დაეწყო, ჩავარდა.. ის დაშლილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ წინა სამეულში როდრიგო ყველაზე ნაკლებად არის ვარსკვლავური იმიჯის, მხოლოდ მან მოახერხა გოლის გატანა.


რა გაკეთდა არასწორად?

ნიშნები იმისა, რომ რაღაც არასწორად გაკეთდებოდა ჯერ კიდევ ატალანტასთან მატჩში გამოჩნდა. მადრიდის რეალს შეტევაში ჰყავს სამი მემარჯვენე ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთ ძლიერ მხარეს ყველაზე ხშირად მაშინ ავლენენ, როდესაც მოედნის მარცხენა ფლანგზე თამაშობენ..

ზუსტად ამის გამო, მეტოქის საჯარიმოში სივრცე ხშირად არ იქმნებოდა, ან თუ იქმნებოდა ამის ათვისება რეალის თავდამსხმელებს უჭირდათ..

ლა ლიგის პირველ ტურში, ვინისიუსი, როდრიგო, მბაპე და ბელინგემი ძირითადად რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ ერთმანეთისგან. მალიორკას დაცვამ მომაკვდინებელ შეტევას ალღო აუღო. სამეფო კლუბი ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ ამ მოცემულობით მათი განეიტრალება რთული არ აღმოჩნდა..

მბაპეს უკეთ უნდა სცოდნოდა

არავინ არის უდანაშაულო იმაში, რაც კვირას მოხდა. ოთხივე ფეხბურთელი ვალდებული იყო საკმარისზე მეტი ტაქტიკური განსწავლულობა გამოევლინა, რათა გაცილებით მეტი სივრცე შეექმნათ. ეს კი ყველაზე მეტად კილიან მბაპეს ეხება, რომელიც რეალურად ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციისთვის მოიყვანეს..

მბაპეს პოზიცია პარი სენ ჟერმენშიც პრობლემა გახდა. ორი მწვრთნელი ცდილობდა მესი, ნეიმარი, მბაპეს ტრიო იდეალური გაეხადა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხშირად ვხედავდით კილიანს მარცხენა ფლანგზე და ნეიმარს ცენტრში შეწეულს.. ფრანგი სუპერვარსკვლავი ჯიუტად ცდილობდა მარცხნიდან თამაშს..

და მაინც, კილიანის მოვალეობა პარი სენ ჟერმენში მეტი სივრცის მოძიება და ჭკვიანური დრიბლინგის განხორციელება იყო. ასე მოწინააღმდეგე გუნდის მცველები მასზე გადავიდოდნენ და საჯარიმოში სივრცეები გაჩნდებოდა. ხშირად ასეც ხდებოდა, მაგრამ ძირითადად სუსტ გუნდებთან, რომლებსაც დაცვა არ უვარგოდათ. ამის ნათელი მაგალითი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხებია.. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ეს ტაქტიკა არ მუშაობდა..

დადებითი ის გახლავთ, რომ მბაპეს კომპრომისზე წასვლის და მსოფლიო დონის სხვა ტალანტებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება აქვს.. რეალში მას შესაძლოა ნეიმარის და მესის კალიბრის სახელები არ ჰყავდეს გასახდელში, მაგრამ ახლა მან აუცილებლად უნდა შეძლოს პსჟ-დან მიღებული გამოცდილების თავის და გუნდის სასარგებლოდ გამოყენება..

კროოსის წასვლის პრობლემა

სამართლიანი იქნება, თუ აღვნიშნავ, რომ მალიორკასთან მატჩში მხოლოდ თავდამსხმელებს არ ჰქონდათ პრობლემა..

ფედე ვალვერდეს თეთრად შეღებილი და 8-ნომრიანი მაისური ტონი კროოსს მოგაგონებდა, მაგრამ ურუგვაელ ნახევარმცველს ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა.. ეს ნაწილობრივ შეიძლება კროოსის წასვლის გამოც იყო გამოწვეული..

ტონის წასვლის შემდეგ, ეს ნამდვილად იყო პირველი კონკურენტუნარიანი მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ ჩუამენი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, მას მაინც არ ჰქონდა ვალვერდესგან იმხელა მხარდაჭერა, რამხელაც კროოსისგან ჰქონდა. ჯუდ ბელინგემი კი თავდამსხმელების პასებით მომარაგებაზე ზრუნავდა..

კარლო ანჩელოტის დილემა აქვს გადასაწყვეტი. კროოსის წასვლის შემდეგ, ის სამი ნახევარმცველით თამაშობს და შეტევაშიც 3 ფეხბურთელი ჰყავს.. ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ როდრიგოს სკამზე დასმა და 4-4-2-ზე გადასვლა ნახევარდაცვას გააძლიერებს და რეალის თამაშიც უფრო სოლიდური გახდება.

პოტენციური გამოსავალი

ბელინგემის შეტევებში ჩართვა, ნახევარდაცვის პრობლემების გაზრდას ხომ არ გამოიწვევს? რეალურად, სიტუაცია არც ისე საგანგაშოა. ჯუდი და მბაპე გუნდს სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ. მოედანზე ერთად გატარებული 180 წუთი შესათამაშებლად საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, არც მადრიდელთა განსჯაა მართებული გადაწყვეტილება..

როგორც უკვე მოგახსენეთ, სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი როდრიგოს სკამზე დასმა და მეოთხე ნახევარმცველის დამატებაა. საუბარი ედუარდო კამავინგაზეა, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს და ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.

კამავინგას დაბრუნება ჩუამენის მოედნის ცენტრში ბევრად მეტ სიმძლავრეს და რისკზე წასვლის საშუალებას მისცემს. ასე ჯუდ ბელინგემიც უფრო წინ აწეული იქნება, ვალვერდე ცნობილი Box to box ტიპის ნახევარმცველი გახდება.

ანჩელოტის გავლენა

საინტერესოა რას იზამს კარლო ანჩელოტი. მალიორკასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მან შემტევების ნაცვლად, დაცვის ხაზი გააკრიტიკა. ეს კი ბევრს გაუკვირდა..

ანჩელოტი ყოველთვის იყო მშვიდი და უბრალო სპეციალისტი, რომელიც ბოლომდე ენდობა საკუთარი გუნდის ვარსკვლავებს. ერთადერთი, რასაც იტალიელი მათგან ითხოვს არის ბოლომდე ბრძოლა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღება.

მალიორკასთან მატჩში ეს არ იგრძნობოდა. რეალის ნახევარდაცვა მოწინააღმდეგის კონტრ-შეტევებს ვერ უმკლავდებოდა. არც თავდამსხმელები იწუხებდნენ უკან ჩამოსვლით თავს. კარლოს შეიძლება შემადგენლობის შეცვლა არ სურდეს, მაგრამ მან აუცილებლად მეტი უნდა მოსთხოვოს კონკრეტულ ინდივიდებს. ეს კი მას არაერთხელ გაუკეთებია..

პანიკა ჯერ ადრეა..

რა თქმა უნდა, ნებისმიერი წარუმატებლობა განსჯის საგანი გახდება, რადგან რეალს ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ 2 მატჩი შემტევი სამეულის შესათამაშებლად ძალიან ცოტაა. მათ სჭირდებათ, რომ ერთმანეთის მოძრაობები თვალდახუჭულმა იცოდნენ..

მიუხედავად ამისა, ბოლო მატჩში შეინიშნებოდა ოთხეულის(ბელინგემი, მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო) საფეხბურთო განსწავლულობა. მათ არაერთი ლამაზი კომბინაცია დახაზეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს..

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ იქნება შეცდომები და შესაძლოა დამაბნეველი ნიმუშები.. მედია კრიტიკული იქნება და ალბათ გულშემატკივრებიც გარკვეულწილად უკმაყოფილო, მაგრამ ჯერ პანიკა ძალიან ადრეა.. თეორიულად ეს ევროპის საუკეთესო გუნდია, მაგრამ შესაძლოა ამ დონემდე მისასვლელად ცოტა დრო დასჭირდეთ..

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტეს ფაქტორი და სხვა | რა პლუსები აქვს ხვიჩას ნაპოლიში დარჩენას
კონტეს ფაქტორი და სხვა | რა პლუსები აქვს ხვიჩას ნაპოლიში დარჩენას