ატლეტიკო, ჟოაუ ფელიქსი, კონორ გალაჰერი
Aa
Aa

Goal: „ჩელსის“ სტანდარტებითაც კი, ფელიქსის ტრანსფერი აზრს არის მოკლებული

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Goal-ი ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკას ეხმიანება. გამოცემის ცნობით, „ატლეტიკოდან“ ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერი, რომელიც მადრიდელთა თავკაცმა, დიეგო სიმეონემაც დაადასტურა, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, იმ ფონზეც კი, რომ სატრანსფერო ბაზარზე ლონდონელების აქტიურობა ქილიკის საგანი უკვე არაერთხელ გამხდარა.

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი „ატლეტიკოსთვის“

ფელიქსის გალაჰერზე გაცვლით „ატლეტიკო“ აძლიერებს ნახევარდაცვას ისე, რომ არც შეტევით ხაზს აკლდება პოტენციალი. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფელიქსი მადრიდელებმა „ბენფიკადან“ 5 წლის წინ 107 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდეს, ფინანსური კუთხით 46 მილიონ გირვანქა სტერლინგად მისი გაყიდვა ნეგატიურ კონტექსტში ჩანს, თუმცა კლუბს ეს ნაკლებად უნდა ადარდებდეს. როგორც იქნა, მათ მოიშორეს ფეხბურთელი, რომელიც ერთი იჯარიდან მეორეში მიდიოდა და ვერსად აღწევდა წარმატებას. გამოჩნდნენ სულელები, რომლებიც ყიდულობენ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მადრიდელ ფანებს სძულთ და რომელზეც სიმეონემ ხელი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაიქნია. „მეტროპოლიტანო“ შვებით ამოისუნთქებს.

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი „ჩელსისთვის“

„არისტოკრატების“ ბოლოდროინდელი სტანდარტებითაც კი, ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით სპორტული თვალსაზრისით. გარიგების ერთადერთი მიზეზი ფინანსურია. ფელიქსის ტრანსფერი საპირისპირო მიმართულებით გალაჰერის გადაბარგებას უკავშირდება. ეს ტრანსფერი მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ ჩაიშალა კლუბებს შორის არსებული წინა შეთანხმება, სამუ ომოროდიონის მონაწილეობით. „ჩელსი“ ფელიქსით მხოლოდ იმის გამო დაინტერესდა, რომ ის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია. „სტემფორდ ბრიჯზე“ მისთვის ადგილი ვერ მოიძებნება. თუ „ჩელსის“ ის არ მოსწონდა შარშან, რა შეიცვალა ახლა, როდესაც ფელიქსმა ვერც „ბარსელონაში“ გაამართლა? ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ასეთი გადაწყვეტილებები Clearlake Capital-ის მოსვლის შემდეგ უკვე „ჩელსის“ modus operandi-დ იქცა.

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი ფელიქსისთვის

პორტუგალიელი შემტევისთვის ეს ძალიან ცუდი ტრანსფერია, მაგრამ მას არც სხვა არჩევანი ჰქონდა. არცერთი ევროპული ტოპ-კლუბი არ იწვევდა პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ საშინლად არასტაბილური. ფელიქსმა ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაამართლა ის აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო „ბენფიკაში“ ყოფნისას შეიქმნა. შესაბამისად, ასეთი მაღალანაზღაურებადი, მაგრამ არასტაბილური ფეხბურთელისთვის არჩევანი შემდეგნაირად იდგა: ან „ჩელსი“, ან საუდის არაბეთი. „სტემფორდ ბრიჯზე“ ის 8 ფორვარდიდან ერთ-ერთი იქნება, ხოლო ასეთ კონკურენტულ გარემოში არასტაბილური ფეხბურთელისთვის წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ბოლო ინფორმაციით, „ჩელსიმ“ და „ატლეტიკომ“ ტრანსფერები შეათანხმეს - კონორ გალაჰერი მადრიდში, ჟოაუ ფელიქსი კი ლონდონში გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიაში ითამაშებს - მარიო რუი ნაპოლიდან მიდის
ბრაზილიაში ითამაშებს - მარიო რუი ნაპოლიდან მიდის