აბრეშუმივით მსუბუქია, ფანტასტიკური პროფესიონალია - ქლევერლი ჩაკვეზე
ინგლისის ჩემპიონშიფის 2024-25 წლების სეზონი გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავად დაიწყო, „მილუოლისთან’’ ჯარიმიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა, „სტოკ სიტისთან’’ საგოლე პასი შეასრულა. ორივე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ქართველ ფეხბურთელზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „მან. იუნაიტედის'' ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი Watford Observer-მა გამოაქვეყნა.
ტომ ქლევერლი: „აბრეშუმივით მსუბუქია, ჩაკვეტაძის მოედნის ხედვა, ინტელექტი, ტექნიკა. სასიამოვნოა მისი გაწვრთნა და მისი თამაშის ყურება. კარგ ფორმაშია, ფანტასტიკური პროფესიონალია. მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ კარგ მომენტს დიდი ხანი შეინარჩუნებს’’.
„სტოკ სიტისთან’’ შეტევა არაერთხელ გაამწვავა, მისი პასების 86 პროცენტი ზუსტი იყო, მოედნის მესამედში 13 პასი შეასრულა, მინდორზე 6-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო. ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე საუბრისას სიტყვა Silky გამოიყენა, რაც აბრეშუმისებრს ნიშნავს. ინგლისელმა სპეციალისტმა ჩაკვეტაძის სიმსუბუქეს გაუსვა ხაზი.
„გენტში’’ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „ჰამბურგსა’’ (2022) და „სლოვანში’’ (2022-23) ფორმის დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა გერმანიასა და სლოვაკეთში გატარებული პერიოდები, მისი ტალანტიდან გამომდინარე, მისთვის წარმატებული არ ყოფილა. 2024 წლის ზაფხულში „უოტფორდში’’ გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული კარგ ფორმაშია, ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თუ ასე გააგრძელებს, რეალურია რომ პრემიერ ლიგიდან რეალური ინტერესი გაჩნდეს.