„მაშინაც ურტყამენ, როცა ბურთი მისგან შორსაა“ | ნეაპოლური გამოცემა კვარას დაცვას ითხოვს
ნეაპოლურმა გამოცემამ, Napolpiu-მ იტალიის მსაჯთა ასოციაცია გააკრიტიკა. ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ჩადენილ უხეშობებზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ არბიტრებმა ქართველი ფეხბურთელი სათანადოდ უნდა დაიცვან.
„კვარაცხელიას სისტემატურად ურტყამენ, მაშინაც კი, როცა ბურთი მისგან ძალიან შორსაა. ვერონასა და ნაპოლის მატჩში სწორედ ეს მოხდა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მისი კოჭების პოვნას ცდილობდნენ. რჩევა იტალიის მსაჯთა ასოციაციას: დღე, როცა მას ფეხს მოსტეხენ, ტირილს დავიწყებთ და ვიტყვით, რომ იტალიური ფეხბურთი საცოდავ მდგომარეობაშია.
სიტუაცია კრიტიკულია და ნაპოლი და ანტონიო კონტე ითხოვენ, მსაჯებმა კვარაცხელია მეტად დაიცვან. მათ ეშინიათ, რომ თუ ასე გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება, არის შანსი, ქართველმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღოს. კვარასნაირი ნიჭიერი ფეხბურთელების დაცვა არა მხოლოდ ნაპოლისთვის, არამედ მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვისაა მნიშვნელოვანი“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.
ცნობისთვის, იტალიური პრესის ინფორმაციით, „ვერონასთან“ მიღებული დაზიანება საგანგაშო არაა. ხვიჩას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ქართველი ფეხბურთელი „ბოლონიასთან“ მატჩში მოედანზე იქნება.