„მილანთან გამოჩნდა, რომ ჯერ მზად არაა“ | ტურინული გამოცემა საზონოვზე წერს
ტურინულმა გამოცემამ, Toronews-მა „ტორინოში“ შექმნილ მდგომარეობასა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. Toronews-ის მიხედვით, „გრანატას“ მინიმუმ ერთი მცველის დამატება ესაჭიროება და „მილანთან“ გამართული შეხვედრისას, უკანა ხაზში არსებული პრობლემები კარგად გამოჩნდა.
„სან სიროზე გამართულმა მატჩმა დაცვის გაძლიერების საჭიროება კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ბუონჯორნოს, ჯიჯისა და როდრიგესის წასვლამ და სხურსის ტრავმამ, მთავარ მწვრთნელს, პაოლო ვანოლის აიძულა, დაცვის ხაზი ხელახლა ჩამოეყალიბებინა და ნათელია, რომ ამ ბლოკში ტორინოს ხარისხი აკლია. აუცილებელია სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება და მინიმუმ ერთი მცველის დამატება.
ვანოლი კოკოსგან, ვოივოდასგან და მასინასგან დაკომპლექტებულ დაცვის ხაზს ენდობა. კოკოს ალტერნატივა საბა საზონოვია, რომელიც დაღვინებული ფეხბურთელი ჯერ არაა და მილანთან მატჩში გამოჩნდა, რომ ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ გახლავთ. მასინას შემცვლელი არ ჰყავს და გრანატამ მცველის მოძიება დაიწყო. ტორინოს ერთ-ერთი სამიზნე ზენო ვან დე ბოშია, რომელიც ანტვერპენის პერსპექტიული ფეხბურთელი გახლავთ“, - წერს ტურინული გამოცემა.
ცნობისთვის, „მილანისა“ და „ტორინოს“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. საზონოვი თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო, როცა „გრანატა“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.