მბაპე პსჟ-ს უჩივის და 55 მილიონის გადახდას ითხოვს
კილიან მბაპე, რომელიც მიმდინარე ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენიდან“ მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა, ყოფილ კლუბს უჩივის.
ფრანგული მედიის ცნობით, მბაპე პსჟ-სგან დაახლოებით 55 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს და ამასთან დაკავშირებით უკვე მიმართა როგორც უეფას, ასევე საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) სამართლებრივ კომიტეტს.
რა თანხას ითხოვს მბაპე:
გამოცემა Le Monde-ი წერს, რომ 36 მილიონი ევრო წარმოადგენს ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებულ ბონუსს, რომელიც მბაპეს თებერვალში უნდა მიეღო, ხოლო დანარჩენი თანხა ასევე შედგება კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსებისგან, რომლებიც კილიანს პსჟ-სგან აპრილში, მაისსა და ივნისში უნდა მიეღო.
რას ამბობს პსჟ:
პარიზული კლუბის მტკიცებით, ფეხბურთელმა ბონუსის ნაწილზე უარი თავად თქვა, რაც მისი მხრიდან კეთილი ნების ჟესტი იყო, ვინაიდან კილიანი კლუბს უფასოდ ტოვებდა.
რა შეიძლება მოჰყვეს დავას:
თუ LFP ჩათვლის, რომ სახეზეა კონტრაქტის შესაძლო დარღვევა, Le Monde-ის მტკიცებით, საქმის განხილვის დასრულებამდე პსჟ-ს შესაძლოა ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს, უეფას კი შეუძლია, პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის ლიცენზია ჩამოართვას.
მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს „მონაკოდან“ 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პარიზული კლუბის მაისურით კილიანმა 308 შეხვედრაში 256 გოლი გაიტანა, ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მიმდინარე წლის ზაფხულში კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „რეალს“ შეუერთდა.