„ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალეს, პრობლემა კი მართვაშია“ - ჭიაბრიშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე
წლები გადის, ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის კი უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. ისევე როგორც წინა წლებში, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლებმა ევროპულ საკლუბო ტურნირებზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს და ოცნება რომელიმე ქართული გუნდის როგორც მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრაზე მაინც, ოცნებად რჩება. ბოლო კლუბი, რომელმაც გულშემატკივარს იმედი გაუჩინა და ნამდვილი სიურპრიზი შესთავაზა, გიორგი ჭიაბრიშვილის მომზადებული თბილისის „ლოკომოტივი“ გახლდათ, რომელმაც მასზე ათჯერ უფრო დიდი ბიუჯეტის მქონე მოსკოვის „დინამო“ გამოთიშა შეჯიბრებას და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ჭიაბრიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაარსებული ქართული ფეხბურთის პროფკავშირის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, პრობლემებზე ტრადიციულად ღიად და მოურიდებლად საუბრობს, რაც მკითხველისთვის მუდამ საინტერესოა და Crystalsport-მა გადაწყვიტა საქართველოს გუნდების წლევანდელი ფიასკოს მიზეზებზე აზრი მისთვის ეკითხა.
გიორგი ჭიაბრიშვილი
საკლუბო ფეხბურთის წარმატებას თანმიმდევრული მუშაობა და გამართული სტრუქტურა სჭირდება, რასაც სამწუხაროდ მოკლებულები ვართ. საქმე საქმეზე რომ მიდგა, სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენ, ქართველ მწვრთნელებს დაგვაბრალეს, მაგრამ წელს მაინც ხომ გამოჩნდა, რომ პრობლემები სულ სხვაგან, მართვასა და ხელმძღვანელობაშია?!
ზოგადად ასეა - წარმატებას აღწევს ის, ვინც სტაბილურია. ახლა კი ასეთი მოცემულობა გვაქვს - ფეხბურთელებს კლუბებში გაჩერება არ სურთ, რადგან მათ ჩვენს შიდა პირველობაზე თამაშისთვის არც სპორტული და არც ფინანსური ინტერესი არ გააჩნიათ. ამის შედეგად ხდება ის, რომ ჩამოჰყავთ უხარისხო ლეგიონერები და ევროტურნირებს ვამთავრებთ ადრეულ ეტაპზე.
გასული სეზონის მსვლელობისას იყო ისეთი შემთხვევა, რომ უმაღლესი ლიგის 10 გუნდიდან ცხრას სათავეში უცხოელი სპეციალისტი ედგა და რა შედეგი მივიღეთ? ყურადღებამისაქცევია მოთამაშეების ხარისხიც - არ ვამბობ, რომ უნდა მოვახერხოთ და Crystalbet ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი დავაბრუნოთ, მაგრამ ისეთი კადრები მაინც ხომ უნდა შევინარჩუნოთ, რომლებზეც ეს ლიგა წლების განმავლობაში იდგა?!
ბევრი მახსენებს და მეც მეამაყება თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად მიღწეული წარმატებები. მაშინ ულად ომარ იმრანის სახით მხოლოდ ერთი ლეგიონერი გვყავდა, დანარჩენები სულ ქართველები იყვნენ, თანაც ცნობილი კი არა, ყველასთვის უცნობი ქართველები.
იცით, რისი დამსახურება იყო იმ გუნდის წარმატება? კლუბის პრეზიდენტს ლექსო თოფურიას ყველაფერი დალაგებული ჰქონდა - შეკრებები უზრუნველყოფილი, ხელფასი თავის დროზე, დამსახურებული პრემიები და საიდანაც არ უნდა მიუდგე, ასეთი სტაბილურობა ნებისმიერ მოთამაშესა თუ მწვრთნელს სიმყუდროვეს უქმნის და წარმატების შანსებს ზრდის. ახლა რა ხდება? როდესაც კლუბს ფეხბურთელებთან 3-4 თვის სახელფასო დავალიანება აქვს, როგორც შეიძლება ამ კლუბს ევროტურნირებზე გასვლა მოსთხოვო?
საუბრის ბოლოს გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის და ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით Crystalbet ეროვნულ ლიგაში მუშაობის სურვილიც ნაკლებად აქვს.