კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: იბერიამ სამტრედიას ბოლო წუთებზე მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში, „იბერია 1999“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:1 დაამარცხა.
ანგარიში 26-ე წუთზე „სამტრედიამ“ გახსნა. დანიელ ოვუსუმ ორ მცველს შორის თავი ბრწყინვალედ გაითავისუფლა და მაკარიძის კარში გოლსი გატანა აღარ გასჭირვებია. მასპინძლებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. 35-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კოხრეიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად იური ტაბატაძე დახვდა და ანგარიში გაათანაბრა.
სტუმრები ერთი ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე „იბერიამ“ მაინც შეძლო გოლის გატანა. მასპინძლებს მხსნელად ირაკლი სიხარულიძე მოევლინა და ვეტერანმა შემტევმა მეტოქის კარში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რომელსაც მალევე გიზი მამაგეიშვილის ეფექტური გოლიც მოჰყვა.
საბოლოოდ, „იბერია 1999“-მა 3:1 გაიმარჯვა და გათამაშებაში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა. ლევან კორღალაძის გუნდი 21 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან „დილას“ 8 ქულით, მეორეადგილოსან „ტორპედოს“ კი 5 ქულით ჩამორჩება. „იბერია“ მომდევნო შეხვედრას 18 სექტემბერს, „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი მე-20 ტურის გადადებული შეხვედრაა, რომელიც ევროტურნირების გამო, გუნდების ერთობლივი შეთანხმებით არ ჩატარდა.