ფელიქსი ლონდონში, გალაჰერი მადრიდში - ჩელსიმ და ატლეტიკომ ტრანსფერები შეათანხმეს
ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერი შეათანხმა. ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევი ლონდონურ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ 24 წლის ფეხბურთელს ამჯერად სრულად გამოისყიდის და იჯარით აღარ წაიყვანს. ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ „არისტოკრატები“ ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან, რომელსაც 5 მილიონი ევროს ბონუსებიც დაემატებათ.
ჟოაუ ფელიქსმა „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა ყველაფერი უკვე კლუბებზეა დამოკიდებული.
საგულისხმოა, რომ დღესვე, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ კონორ გალაჰერის გარშემო შექმნილი საგა საბოლოოდ დასრულდა და ინგლისელი ფეხბურთელი მადრიდში გაემგზავრა, სადაც უახლოეს საათებში „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულებას გააფორმებს. შესაბამისად, გუნდებს ფეხბურთელების ერთგვარი ბარტერიც გამოსდით.
შეგახსენებთ, რომ ჟოაუ ფელიქსი „ჩელსიში“ 2021/22 წლების სეზონშიც თამაშობდა, თუმცა, ის ლონდონში იჯარის, ნახევარი სეზონის განმავლობაში იმყოფებოდა.