პარალიმპიური თამაშები
Aa
Aa

სარეკორდო შემადგენლობითა და გაზრდილი ამბიციებით - მზადება პარალიმპიური თამაშებისთვის

28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე პარიზი ზაფხულის რიგით მეჩვიდმეტე პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც საქართველო ჩვენი ქვეყნის პარალიმპიიზმის ისტორიაში სარეკორდო, 14-სპორტსმენიანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. რაოდენობის გაზრდასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება ამბიციებიც და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ქართველი პარასპორტსმენები ხარისხობრივად საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.

უკვე ცნობილია, რომ 14 სპორტსმენი ოლიმპიურ სარბიელზე საქართველოს ღირსებას სპორტის 6 სახეობაში დაიცავს, ჩვენი ქვეყნის მედროშე კი პარაწოლჭიმში ევროპის მოქმედი ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე იქნება. ქვემოთ გაგაცნობთ ჩვენი ქვეყნის დელეგაციის თოთხმეტივე მონაწილეს და მათ შედეგებს საერთაშორისო ტურნირებზე.

ნინა თიბილაშვილი - პარაფარიკაობა

ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, რომელიც მსოფლიოს თასის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონობა გუნდურ თანრიგშიც მოიპოვა.

ირმა ხეცურიანი - პარაფარიკაობა

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, რომელმაც კარიერის განმავლობაში მსოფლიოს თასი 21-ჯერ მოიგო, რაც პლანეტის მასშტაბით აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს. ხეცურიანისთვის ეს რიგით მესამე პარალიმპიადა იქნება.

გიგა ოჩხიკიძე - პარამძლეოსნობა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და რეკორდსმენი ბირთვის კვრაში, რომელიც პარიზში თავის დისციპლინაში ოქროს მედლის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება.

დავით ქავთარაძე - პარამძლეოსნობა

ლიცენზია სიგრძეზე ხტომაში მოიპოვა და მისთვის ეს სადებიუტო პარალიმპიური თამაშები იქნება.

ვლადიმერ ჭინჭარაული - პარასროლა

ის თოფით სროლაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია და ირმა ხეცურიანის მსგავსად მისთვის რიგით მესამე პარალიმპიური თამაშები იქნება.

გიორგი ნიკოლაძე - პარატაეკვონდო

ევროპის საკონტინენტო ტურნირის და გრანპრის ორგზის გამარჯვებული.

ანა ჯაფარიძე - პარატაეკვონდო

ის ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე პატარა მონაწილეა - 19 წლის ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ ევროპის საკონტინენტო ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო.

ლია ჩაჩიბაია - პარატაეკვონდო

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, რომლისთვისაც ეს ასევე სადებიუტო პარალიმპიური თამაშები იქნება და შეეცდება პრიზიორობა ამ ტურნირზეც მოიპოვოს.

ზურაბ ზურაბიანი - პარაძიუდო

სხვადასხვა დროს ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლის, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

გიორგი ქალდანი - პარაძიუდო

ევროპის ორგზის ჩემპიონია, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საპრიზო ადგილზე გასვლის გარეშე ტურნირებს პრაქტიკულად არ ტოვებს.

ინა ქალდანი - პარაძიუდო

გიორგი ქალდანის მეუღლე, რომელიც წინა, ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია, ასევე მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატის ოქროს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი.

ლაშა ყიზილაშვილი - პარაძიუდო

როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია და რომელიმე სინჯის მედლის მოგებისთვის პარალიმპიურ თამაშებზეც იბრძოლებს.

რევაზ ჩიკოიძე - პარაძიუდო

წინა თამაშებზე ტოკიოში მას ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. ორჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი აქვს მოპოვებული - ჩიკოიძე პლანეტის მასშტაბით თავის წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერია.

აკაკი ჯინჭარაძე - პარაწოლჭიმი

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც პარიზში ჩვენი პარალიმპიური გუნდის მედროშე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველებისთვის ეს რიგით მესამე პარალიმპიური თამაშები იქნება - სადებიუტო თამაშები, სადაც საქართველოს პარალიმპიურმა გუნდმა იასპარეზა, 2008 წლის პეკინის შეჯიბრება იყო. მედალი კი პირველად 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში ავიღეთ, როდესაც ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური პარალიმპიური ჩემპიონი გახდა. წინა თამაშებზე ტოკიოში ქართველმა პარასპორტსმენებმა, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და პარაძიუდოისტებმა ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლალაიანი ტალახაძეზე: „ლეგენდაა, მასზე პატივისცემით უნდა ვისაუბროთ“
ლალაიანი ტალახაძეზე: „ლეგენდაა, მასზე პატივისცემით უნდა ვისაუბროთ“