ანრი გადადგა - მიზეზი გაურკვეველია
ტიერი ანრიმ საფრანგეთის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი პირადი პრობლემებია, თუმცა ჯერჯერობით მეტი კონკრეტიკა არ ჩანს. სიტუაციას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის თავად ანრის საქციელი, რომელიც მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის და ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.
ანრის ხელმძღვანელობით პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე საფრანგეთის ნაკრები ესპანელებთან 3:5 დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მისი გუნდისგან ოქროს მედლების მოპოვებას ელოდებოდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი კილიან მბაპეს საკითხთან დაკავშირებითაც მოუვიდა, რომლის ოლიმპიადაზე ასპარეზობა თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.
საფრანგეთის ოლიმპიურ გუნდში მისვლამდე ანრი სხვადასხვა დროს „მონაკოსა“ და „მონრეალ იმპაქტს“ ამზადებდა.