ჯადოქარი ბრაზილიიდან - დღე, როცა ბერნაბეუ რონალდინიოს ფეხზე წამოუდგა
თითქმის ორი ათწლეულის წინ, მადრიდის რეალს შემადგენლობაში დევიდ ბექჰემი, ლუიშ ფიგუ, რონალდო, რობერტო კარლოსი და ზინედინ ზიდანი ჰყავდა.
ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც დიდებული ეპოქა შექმნეს და ნებისმიერი გუნდი სიხარულით მიიღებდა მათ, თუმცა ამ სიას ერთი სახელი აკლია, რომელიც ფლორენტინო პერესმა ვერ შეიძინა და ის ბარსელონაში წავიდა.. ამ ტრანსფერის შემდეგ კი ესპანური ფეხბურთის სადავეები კატალონიის ბარსელონამ ჩაიგდო ხელში..
რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ 2000-იანი წლების შუა პერიოდის ბარსელონაზე, ან ლეო მესის და გუარდიოლას ეპოქაზე, მაგრამ ახლა აქ სულ სხვა ფეხბურთელზეა საუბარი..
რა თქმა უნდა, დღეს მესის და რონალდინიოს შედარება არ შეიძლება, მაგრამ არგუმენტი იმაზე, თუ რომელი იყო უფრო დიდი კარიერის პიკში ალბათ რთული გადასაწყვეტია.. მოდით ამას ბავშვობის რომანტიზმი დავარქვათ, მაგრამ იმას, რასაც რონალდინიო გაუჩო 2005/2006 წლებში აკეთებდა დაუვიწყარია.. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2005 წლის მეორე ელ კლასიკოში მისი გამოსვლა..
მოცემულ მომენტში ლა ლიგას რეალი ლიდერობდა და ბარსა მათ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებოდა. ორივე გუნდი ამაყობდა საკუთარი ფეხბურთელებით.. სამეფო კლუბში ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავები ირიცხებოდნენ, ხოლო ბარსას პუიოლი, დეკუ, რონალდინიო და სამუელ ეტოო ჰყავდა.. ედგარ დავიდსის წასვლის შემდეგ, ფრენკ რაიკაარდმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. ნიდერლანდელმა ჩავის და ინიესტას ნდობა გამოუცხადა..
2005 წლის მეორე ელ კლასიკო ბარსელონამ აქტიურად დაიწყო და რონალდინიომ ძალიან მალე მარცხენა ფლანგზე გაიბრწყინა, გამოზომილი პასით სამუელ ეტოოს დიდი სივრცე შეუქმნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ გაიტანა. ეს კი მადრიდისთვის გაფრთხილება იყო..
მე-15 წუთზე სამუელს ამჯერად ლეო მესიმ გაუკეთა პასი. ამჯერად ეტოოს დარტყმა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდებული მეკარის წინააღმდეგ ზუსტი აღმოჩნდა და ბარსა დაწინაურდა.. კამერუნელი თავდამსხმელი გოლის აღნიშვნის შემდეგ, ტრიბუნის იმ ნაწილისკენ გაემართა, სადაც ფლორენტინო პერესი იჯდა. ბარსას სამკერდე ნიშანზე მიუთითა და ამით ნათლად დაუდასტურა, თუ ვისთვის თამაშობდა სამუელი!
მოგეხსენებათ, სამუელ ეტოო მადრიდის რეალმა გუნდში არ დაიტოვა. იჯარის წესით ჯერ ლეგანესში გაუშვა, შემდეგ ესპანიოლში და ბოლოს მალიორკაში. საბოლოოდ, მალიორკამ გამოისყიდა და 4 წლის შემდეგ ბარსელონაში გაყიდა.. აღნიშნული ქმედებით, მან პერესს სამაგიერო გადაუხადა.. ეტოოს ამ „პერფორმანსით“ რონალდინიოს ნაკლები ყურადღება მიაქციეს იქამდე, სანამ მეორე ტაიმი არ დადგა.
მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე რონალდინიოს დეკუსგან მიუვიდა პასი. აღსანიშნავია, რომ თამაში ძირითადად სწორედ ბრაზილიელის ფლანგზე მიმდინარეობდა. კარისკენ მიმავალ გზაზე, გაუჩომ სერხიო რამოსი მარტივი ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და შემდეგ ივან ელგერას ჯერი დადგა.
არც ელგერას დაბრკოლება აღმოჩნდა სერიოზული და რონალდინიომ კასილასის კარისკენ გაისროლა. ლეგენდარული მეკარე ვერც კი გაინძრა..
ამბობენ, რომ ხარისხის მთავარი ნიშანი თანმიმდევრულობაა და ეს ზუსტად რამდენიმე წუთში დამტკიცდა, როდესაც ჩავი ერნანდესმა მოედნის ცენტრში ჟულიო ბაპტიშტას ბურთი წაართვა და დეკუს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კვლავ რონალდინიო იპოვა, რომელმაც სერხიო რამოსი ერთი მოძრაობით მოატყუა და იკერ კასილასს შორეულ კუთხეში გაუტანა..
შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც რაიკაარდმა რონალდინიო გაიყვანა და მას სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამოუდგა. სტადიონზე გამაყრუებელი ტაშის ხმა გაისმა. ასეთი რამ მადრიდის რეალის სტადიონზე რთულად გასახსენებელია..
ამ ჟესტით ბლანკოსის ქომაგებმა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი დააფასეს და სხვათა შორის, კრიშტიანუ რონალდუს სულ ამ ფაქტზე ჰქონდა პრეტენზია. ის მუდამ განიცდიდა, რომ ტაშს ხშირად არ უკრავდნენ..
იმავე სეზონში, გაუჩომ მისთვის პირველი და უკანასკნელი ოქროს ბურთი მოიგო. ის ასევე FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ორივე ჯილდო რონალდინიომ თავის თანაგუნდელებს მიუძღვნა..
აღნიშნულ სეზონში რონალდინიომ ბარსელონასთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატში ბლაუგრანამ რეალს 12 ქულით გაასწრო, ხოლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ბარსამ დიდებულ ფორმაში მყოფი არსენალი იმსხვერპლა..
რონალდინიომ იმ ღამეს, პარიზში, პლანეტის საუკეთესო მოთამაშის სტატუსით მყარად აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.. მართალია ფინალში გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იმ სეზონში მისმა თამაშმა მსოფლიო აალაპარაკა..