„მოლაპარაკებები ჩიხშია! ტრანსფერი შესაძლოა, ჩაიშალოს“ - Marca ლივერპულში მამარდას ტრანსფერზე
„ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. დღეს, ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ღამურები“ ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ და უფრო დაბალ შეთავაზებას არ განიხილავენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ მამარდას ტრანსფერის ბედი მხოლოდ 40 მილიონ ევროზე იქნება დამოკიდებული.
რა წერია Marca-ს სტატიაში:
მამარდაშვილის ტრანსფერის საკითხი ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. სულ რაღაც 10 დღეში, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ცვეთა დაფიქსირდა. „ლივერპულის“ მხრიდან ბევრი წინადადება იყო წარმოდგენილი, მაგრამ ყველა მათგანი არასაკმარისი იყო. სიმართლე ისაა, რომ „ლივერპული“ ახლოსაა ამ ფასთან, თუმცა, თუ ეს ფასი არ იქნება 40 მილიონი ევრო, მაშინ შეთანხმებაც არ შედგება.
პიტერ ლიმს სურს იუნუს მუსას „მილანში“ ტრანსფერის სცენარი გაიმეორებს, თუმცა ვერ იაზრებს იმას, რომ „ლივერპული“ არ არის „მილანი“. არ მიეკუთვნება ისეთი გუნდების გარემოცვას, რომელიც ნებისმიერ სატრანსფერო ფასს მწვანე შუქს აუნთებს. ამის გამო, მხარეებს შორის ერთგვარი ცივი ომიც დამყარდა და უკვე რამდენიმე დღეა კონტაქტიც არ შემდგარა. ლიმს ოპერაციის გაფუჭება შეუძლია. ინგლისელები არ თვლიან, რომ 40 მილიონი ამ ტრანსფერისთვის შესაბამისი ფასია, ლიმი კი თავის პოზიციას უფრო და უფრო მაღლა აყენებს. ახლა ოპერაცია ყველაზე დაძაბულ მომენტს განიცდის... ინგლისელები 40 მილიონიან წინადადებასთან ნამდვილად ახლოს არიან, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად დააკმაყოფილებენ ისინი პიტერ ლიმის მოთხოვნას.
იმას, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ამას „ბარსელონას“ წინააღმდეგ მამარდაშვილის თამაშიც ადასტურებს. რამდენიმედღიანი ჩიხის შემდეგ, ამ კვირაში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ მზადაა გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 30-დან 35 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია და რომ ქართველმა მეკარემ მერსისაიდულ კლუბთან პირადი კონტრაქტიც შეათანხმა.