„ლა ლიგის გრანდში ვხედავ“ - ყოფილი მწვრთნელი გიორგი ქოჩორაშვილზე
ევროპის ჩემპიონატზე ყველას სასიამოვნოდ გაოცების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა სათანადო ფორმას არათუ არ კარგავს, არამედ კიდევ უფრო უმატებს. მათ შორის არის გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი შთამბეჭდავად დაიწყო და ეფექტური საჯარიმო დარტყმით „ლევანტეს“ „ელ მოლინონზე“ ხიხონის „სპორტინგის“ დამარცხებაში დაეხმარა. Crystalsport-ის რედაქცია ცნობილ ქართველ მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ქოჩორაშვილი ჯერ თბილისის „დინამოს“, შემდეგ კი „იბერიას“ აკადემიაში ვარჯიშობდა.
გიორგი დეკანოსიძე
გიორგი პირველად თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ვნახე, სადაც მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო იყო. მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი სამუშაოდ „იბერიაში“ გადავიდა, ჯერ მე წამიყვანა, შემდეგ კი ქოჩორაშვილი, რომელიც 1999 წელს დაბადებულ მოთამაშეებს შორის ბევრი რამით გამოირჩეოდა.
გამოირჩეოდა მიზანდასახულობით, თამაშის წაკითხვის საოცარი უნარითა და მებრძოლი ხასიათით. მთელი ბავშვობა ოცნებობდა ესპანეთში წასვლასა და იქ თამაშზე და როგორც ხედავთ, ოცნება აისრულა.
სად ვურჩევდი კარიერის გაგრძელებას? იქიდან გამომდინარე, რომ ესპანური ენა კარგად იცის, ხოლო ლა ლიგა მისი ფავორიტი ჩემპიონატია, პრიმერა დივიზიონის რომელიმე გრანდში ვხედავ, რადგან უკვე იმ დონეზეა, რომ თუნდაც „ატლეტიკოსა“ და „სევილიაში“ თავის დამკვიდრება არ გაუჭირდება.
ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში ქოჩორაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გასვლაზე ხიხონის „სპორტინგი“ 2:1 დაამარცხეს და მომდევნო, მეორე ტურში „სიუდად დე ვალენსიაზე“ „კადისს“ უმასპინძლებენ.