ტედი რინერი, ლაშა ტალახაძე, მიხაინ ლოპეს ნუნიესი, ბახოდირ ჯალოლოვი
Aa
Aa

„არამხოლოდ საოცარი ძალა, რკინის ნერვებიც ჰქონია“ - ტალახაძე მსოფლიო სპორტის ლეგენდებში

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ლაშა ტალახაძეზე მსოფლიოს სპორტულ პრესაში საუბრები არ წყდება. არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ძალოსნობის ლეგენდაზე ამჯერად სერბულმა გამოცემა Sportclub-მა დაწერა. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იყო სტატია მსოფლიო სპორტის ოთხ ფენომენზე, რომლებმაც უმაღლესი კლასი პარიზის ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ლაშასთან ერთად ოთხეულში ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი, კუბელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მიხაინ ლოპესი და უზბეკი მოკრივე ბახოდირ ჯალოლოვი მოხვდა.

რას წერენ ტალახაძეზე

მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი რომ იყო, ლაშა ტალახაძეზე პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდეც ვიცოდით, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარ ფიზიკურ ძალასთან ერთად, რკინის ნერვების პატრონია.

197 სანტიმეტრის სიმაღლის ტალახაძემ, რომელიც 183 კილოგრამს იწონის, მარცხის გემო უკვე ათი წელია არ იცის. ისტორიული დეკადის განმავლობაში მან სამ ოლიმპიურ ოქროსთან ერთად, მსოფლიოს შვიდგზისა და ევროპის ამდენივე ჩემპიონობა იზეიმა - არც ერთი ვერცხლი და არანაირი ბრინჯაო - მხოლოდ ოქრო.

პარიზის ფიცარნაგიდან ჩამოსვლის შემდეგ თავადვე აღიარა, რომ ეს იყო ყველაზე რთული და ამავდროულად, ყველაზე დიდი სიხარულის მომტანი ჩემპიონობა, რადგან ოლიმპიადამდე ტრავმები აწუხებდა, თუმცა სჯეროდა, რომ ამას კიდევ ერთხელ შეძლებდა. საბოლოოდ ატაცში 215, ხოლო აკვრაში - 255 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ტოკიოს შედეგებთან შედარებით ზღვაში წვეთია, მაგრამ ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

როდესაც საქმე დოპინგს ეხება, ძალოსნობა ამ ყველაფერში ხშირად ფიგურირებს. ჰქონდათ კიდეც პრეტენზიები მასთან - ლაშას გერმანელი გამომძიებელი ჟურნალისტები აკრძალული პრეპარატების მოხმარებასაც აბრალებდნენ, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს და ლეგენდა გულშემატკივრების რეკორდებით განებივრებას განაგრძობს.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ლაშა ტალახაძემ განაცხადა, რომ მცირე დასვენებისა და სამწვრთნელო შტაბთან გასაუბრების შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, იასპარეზებს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 4-დან 14 დეკემბრამდე ბაჰრეინში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეოთხე ოქროსთვის მინდა იბრძოლოს“ - ირაკლი თურმანიძე ტალახაძეზე საუბრობს
„მეოთხე ოქროსთვის მინდა იბრძოლოს“ - ირაკლი თურმანიძე ტალახაძეზე საუბრობს