„ტორინო ორ ცენტრალურ მცველს ეძებს“ - ტურინული მედია საზონოვის თამაშზე
ტურინული გამოცემა Toro „მილანთან“ მატჩში „ტორინოს“ ქართველი მცველის, საბა საზონოვის თამაშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როსონერის“ ორივე გოლი საბას მიერ დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა.
როგორც გამოცემა წერს, „სან-სიროზე“ „მილანთან“ ფრე კარგ შედეგად უნდა მიიჩნეოდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, „ტორინოს“ მილანიდან სამი ქულა უნდა წაეღო. 89-ე წუთამდე სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ.
რას წერს გამოცემა
„გადამწყვეტი ფაქტორები ფიზიკური კონდიციები და კონცენტრაციის დაქვეითება აღმოჩნდა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა, პირველ რიგში კი საზონოვმა, ნეგატიური როლი ითამაშეს. საბა მოედანზე 88-ე წუთზე, დაღლილი ლაზაროს ნაცვლად შევიდა და დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. ზუსტად ერთ წუთში მას მორატა დაუსხლტდა და ერთი გოლი გაქვითა. მალევე საზონოვისა და მასინას ქმედებებს ოკაფორის გოლი მოჰყვა - მათ შვეიცარიელი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვეს.
ქართველმა მცველმა სეზონი ისევე დაიწყო, როგორც წინა სეზონი დაასრულა: არადამაჯერებლად. სწორედ ამიტომაა, რომ „ხარების“ თავკაცი პაოლო ვანოლი ორ ცენტრალურ მცველს ეძებს“.
სერია ა-ს პირველ ტურში „ტორინო“ სტუმრად „მილანს“ დაუზავდა (2:2). მომდევნო მატჩს საბა საზონოვის გუნდი 25 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს.