ჰოლანდის მე-100 მატჩი და აურზაური სტერლინგის გამო
ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ჩელსი“ დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე 2:0 დაამარცხა. მე-18 და 84-ე წუთებზე თითო ბურთი ერლინგ ჰოლანდისა და მატეო კოვაჩიჩის ანგარიშზეა, რომელიც ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა და გატანილი გოლი შეგნებულად არ აღნიშნა. რაც შეეხება 24 წლის ნორვეგიელ ფორვარდს მისთვის ეს „ქალაქელების“ რიგებში საიუბილეო მე-100 შეხვედრა იყო და 91-ე გოლითაც გამოიჩინა თავი, მთლიანობაში კი მის ანგარიშზე ას მატჩში 106 საგოლე მოქმედებაა, რადგან 91 ბურთთან ერთად, 15 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.
მატჩის შემდეგ ტრადიციულად საინტერესო იყო გუნდების მთავარი მწვრთნელების კომენტარები. პეპ გუარდიოლას ძირითადად ჰოლანდის მიღწევებზე მოუწია საუბარი, ენცო მარესკას კი რაჰიმ სტერლინგის განაცხადში არყოფნაზე ახსნა-განმარტებების გაკეთება.
პეპ გუარდიოლა
„სტემფორდ ბრიჯზე“ გამარჯვება დიდი ხანი არ გვქონდა მოპოვებული და სამი ქულის აღება მშვენიერი სიახლეა, ცუდი კი ის არის, რომ წინ კიდევ 66 მატჩი გვაქვს. ჯერჯერობით გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია და საუკეთესო კონდიციებამდე ბევრი გვიკლია.
ჰოლანდმა 100 შეხვედრაში ამ უძლიერეს ლიგაში, ამ ქვეყანაში 91 გოლი გაიტანა. არ ვიცი როგორ მოახერხა და როგორ ახერხებს ამას. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ციფრები ერლინგს მესისა და რონალდუს დონეზე აყენებს, რომლებიც ბოლო 15 წელია მსოფლიო ფეხბურთში დომინანტები არიან.
ენცო მარესკა
შეხვედრის უდიდესი ნაწილი ჩვენი კარნახით წარიმართა, უბრალოდ მეტოქემ მომენტები გამოიყენა, ჩვენ - ვერ. ასეთივე განწყობით თუ განვაგრძობთ, მთელი წლის განმავლობაში ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება.
რატომ არ იყო სტერლინგი განაცხადში? ეს ტაქტიკური მოსაზრებით გახლდათ განპირობებული. ჩემს განკარგულებაში 30 ფეხბურთელია და ყოველთვის ყველას თავის გამოჩენის საშუალება ვერ მიეცემა. მისი გარემოცვის განცხადება არ მინახავს და თუ ვინმეს კითხვებზე პასუხები აინტერესებს, მათ ცნობისმოყვარეობას აუცილებლად დავაკმაყოფილებ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ დამარცხებას ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ 10 მატჩია ვერ ახერხებს - ბოლოს „არისტოკრატებმა“ ამის გაკეთება 2021 წლის 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლეს და მას შემდეგ „ქალაქელებთან“ რვაჯერ დამარცხდნენ, ხოლო ორი თამაში ფრედ დაასრულეს.