გაფუჭებული პენალტი და მარცხი რენთან - ლიონის წარუმატებელი სტარტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „რენის“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მიქაუტაძეს სადებიუტო გოლის ბრწყინვალე შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, 71-ე წუთზე მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ანგარიში „რენმა“ მე-19 წუთზე, ბურიჟოს გოლით გახსნა, ზუსტად 2 წუთში კი გუირიმ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში, 71-ე წუთზე „ლიონს“ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეეძლო. „რენის“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა, თუმცა, ქართველ შემტევს სტივ მანდანდამ აჯობა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს, ჰენრიკ მაისტერმა დააფიქსირა და „რენმა“ სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა.
მომდევნო ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ უმასპინძლებს. მატჩი 24 აგვისტოს, საქართველოს დროით 19:00 საათიდან დაიწყება.